საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის დასკვნითი ეტაპი CENN-ის წარმომადგენლმა საქართველოში, ნანა ჯანაშიამ გახსნა და მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი, თომას მიულმანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესწრებოდნენ.
ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მონაწილეებს ფინალურ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
ეკატერინე დგებუაძე: „სკოლებში მსგავსი პროექტებისა და კონკურსების განხორციელება და მდგრადი განვითარების კომპონენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირება აუცილებელია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, ახალგაზრდები სწორ ფასეულობებსა და ღირებულებებზე გავზარდოთ, რაც დაეხმარება მომავალ თაობას, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხონ და უკეთეს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში იცხოვრონ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო თითოეულ ფინალისტს და წარმატებები ვუსურვო მათ.“
კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მიზნად ისახავს ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ცვლილებების წახალისებასა და ახალგაზრდებისთვის ისეთი ფასეულობების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: სოლიდარობა, თანამშრომლობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.
ღონისძიებაზე 34 ფინალისტმა სკოლამ საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი პროექტები წარუდგინა, რომლებიც მათი მხრიდან მთელი წლის განმავლობაში გლობალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ხორციელდებოდა.
სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დასკვნით ეტაპზე 3 საუკეთესო სკოლა გამოავლინა: I ადგილზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა დასახელდა, ხოლო II და III ადგილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის №2 და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის საჯარო სკოლებმა დაიკავეს. გარდა ამისა, ორგანიზატორებმა მათი რჩეული სკოლებიც დაასახელეს. გამარჯვებულებსა და რჩეულ სკოლებს ორგანიზატორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.
კონკურსში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლები იღებდნენ, ჟიურის მიერ 34 ფინალისტი სკოლის შერჩევა კი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე პორტალზე რეგისტრირებულმა ეკოკლუბებმა, მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესაბამისად, ქულები დააგროვეს; მეორე ეტაპზე რეგიონული ნახევარფინალები ჩატარდა, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, საზოგადოებრივი სექტორისა და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად გუნდის მუშაობის შედეგები და შეძენილი ცოდნა განეხილათ.