საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გიორგი წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტს ეწვია და გვირაბის აფეთქების მძიმე შედეგებისაგან დამცავი ახალი მეთოდის იმიტირებულ ჩვენებას დაესწრო.
ინსტიტუტი 2005 წლიდან, ნატოს პროგრამის “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” ფარგლებში, ახორციელებს პროექტს “ხალხისა და მიწისქვეშა მოწყობილობის დაცვის სისტემა ტერორისტული აფეთქებებისაგან”. პროექტის მიზანია ავტომატური დამცავი სისტემის შემუშავება, რომელიც გააქტიურდება გვირაბში არასანქცირებული აფეთქებისას და უზრუნველყოფს ჭარბი წნევის შემცირებას, გამორიცხავს ხანძრის საფრთხეს და გადასცემს ინფორმაციას აფეთქების შესახებ სამაშველო სამსახურს. სრულდება პროექტის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, კვლევების შედეგები საფუძვლად დაედება დამცავი სისტემის საცდელი ნიმუშის შექმნას და გამოცდას მისი ეფექტიანობის დასადგენად, რაც გათვალისწინებულია მომავალი წლის გეგმით.
მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა ნატოს პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. იგი მოიცავს საავტომობილო და სარკინიგზო გვირაბების, მეტროს და სხვა მიწისქვეშა ობიექტების დაცვას ტერორისტული და შემთხვევითი აფეთქებებისაგან.
პროექტის დაფინანსებით შესრულებულია სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ექსპერიმენტული ბაზის რეკონსტრუქცია, შეძენილია თანამედროვე სამეცნიერო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა, რაც საშუალებას იძლევა შესრულდეს თანამედროვე დონის კვლევები აფეთქების ფიზიკის დარგში.
შესრულებელი კვლევების შედეგები მოხსენებულია 7 საერთაშორისო კონფერენციაზე, გამოქვეყნებულია 8 სტატია, მიღებულია 2 პატენტი. დამყარებულია მჭიდრო თანამშრომლობა კოლაბორატორთან - ფლორიდის უნივერსიტეტის უსაფრთხოების ცენტრთან, ინსტიტუტმა დაამყარა სამეცნიერო კონტაქტები გერმანელ, ჰოლანდიელ და ისრაელელ კოლეგებთან. ოთხმა ახალგაზრდა მეცნიერმა გაიარა სტაჟირება იტალიაში ნატოს მიერ ორგანიზებულ თანამედროვე კვლევების ინსტიტუტში (იდენტიფიკაციის დარგში), მიმდინარე წლის ნოემბერში გათვალისწინებულია ორი ახალგაზრდა მეცნიერის სტაჟირება ჰოლანდიაში აფეთქების პროცესების კომპიუტერული მოდელირების პროგრამის ასათვისებლად. 5 ახალგაზრდა მეცნიერს დანიშნული აქვს სტიპედია.
პროექტის დირექტორი ნატოს წევრი ქვეყნიდან არის პროფესორი ტ. კრაუტჰამერი, ნატოს პარტნიორი ქვეყნიდან დოქტორი ე. მატარაძე, უშუალოდ პროექტზე და განხორციელებულ კვლევებზე წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის 15 თანამშრომელი მუშაობს.
პროგრამა ნატოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.