ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის თემაზე ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობების განმტკიცება, სამართლებრივი ჩარჩო რეგულაციების შემუშავება-დახვეწა-გაუმჯობესება, საერთაშორისო კავშირების გაზრდა, სამეცნიერო კომუნიკაციისა და მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სტიმულირება. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა Twinning-ის ქართულ-ავსტრიულ-გერმანულ-ლატვიური კონსორციუმის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი, საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, Twinning პროექტის ხელმძღვანელი ვოლფგანგ პოლტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროექტის თანამონაწილე ლიდერი ჯაბა სამუშია, Twinning-ის რეზიდენტი მრჩეველი ინეს გავარანე, აგრეთვე, Twinning-ის პროექტის საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ონლაინ კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველო წელს პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და სახალისო ღონისძიება იმართება, მათ შორის, 26-27-28 ნოემბერს მუზეუმების ორგანიზებით ვიდეოლექციები ტარდება. სამუზეუმო სივრცეებიდან ხელოვნებათმცოდეების მიერ მომზადებული საინტერესო ლექციების მოსმენა შესაძლებელია ბმულზე: www.captain2020.ge
„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.