საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და მათ ჩატარებული კვლევის „ინკლუზიური განათლება პანდემიამდე და პანდემიის პირობებში“ შედეგები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა კვლევის შედეგები განიხილეს და საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
კვლევა დისტანციური სწავლების პროცესში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენის მიზნით, სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 718 სკოლის 1406 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელმა მიიღო. შედეგების თანახმად, მშობელთა უმეტესობა დისტანციურ სწავლებას დადებითად აფასებს, თუმცა სახლის პირობებში ბავშვის ქცევის მართვა და სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება გამოწვევად რჩება. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.
ეკატერინე დგებუაძემ უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში ეფექტიანად დაინერგა დისტანციური სწავლება, რომელიც ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებს ითვალისწინებს. ამ მიმართულებით სამინისტრომ 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო „World Vision საქართველოს“ მხარდაჭერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პრაქტიკული გზამკვლევის „სკოლები პანდემიის დროს“ შექმნა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური და არადისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართული არიან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და ისინი ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის მიმართულებით უწევენ რეკომენდაციებს.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ საჯარო სკოლებში დასაქმებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების 200-მდე ასისტენტის გადამზადებაზე და სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის შესაბამისი ტრენინგ-კურსების ჩატარებაზეც ისაუბრა.
რაც შეეხება განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით ეკატერინე დგებუაძემ პროექტი „ტელესკოლა“ გამოყო და აღნიშნა, რომ ტელეგაკვეთილების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესები: ვიდეოგაკვეთილები მზადდება სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, გაკვეთილების ცხრილს დაემატა ქართული ჟესტური ენის საგანი, ასევე, ყველა გაკვეთილი ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე.