საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების, აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში დისტანციური სწავლების განვითარების კუთხით უწყების თანმიმდევრული პოლიტიკის, მუშაობისა და მიღწეული შედეგების შეფასებაა წარმოდგენილი.
ანგარიშში ხაზგასმულია დისტანციური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლის კლასებისა და საგნებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახები და მოწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის Microsoft Office 365-ის მომხმარებლის 580 000-ზე მეტი პროფილი (528 327 მოსწავლე და 52 124 მასწავლებელი) შეიქმნა.
პარტნიორობის შედეგად ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი (Teams) და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსი. გარდა ამისა, Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი - www.el.ge და აქტიურად მიმდინარეობს ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირების პროცესიც.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ უწყვეტი, ხარიხიანი განათლების ხელშეწყობის მიზნით მოახდინა ზოგადი განათლების საფეხურზე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის იდენტიფიცირება, დროულად მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები და დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების არაერთი ეფექტიანი საშუალება, მათ შორის, ვებსკოლა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებისთვის 2 თვის განმავლობაში 400-მდე ონლაინ ვებინარი ჩატარდა და მოსწავლეებისთვის კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო პროექტი „iსკოლა“.
დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში გამოცდილი პედაგოგების მიერ ტელეგაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. „ტელესკოლის“ ფარგლებში შემუშავდა შემოქმედებითი და განმავითარებელი აქტივობები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და მშობლების მხარდასაჭერად ჩაიწერა ვიდეოები შემეცნებითი უნარების განმავითარებელი სავარჯიშოების შესახებ. გარდა ამისა, ეროვნული უმცირესობის მქონე მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ცალკე ბადე განისაზღვრა (სომხური და აზერბაიჯანული), ხოლო სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილი ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე.
ანგარიშში წარმოდგენილი კვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: სატელევიზიო გაკვეთილების მაყურებელ მოსწავლეთა 70%, ისევე როგორც აღნიშნულ მოსწავლეთა მშობლების უმეტესობა (57,3%) თვლის, რომ სატელევიზიო გაკვეთილები იყო საინტერესო და სახალისო.
რაც შეეხება სამინისტროს გადაწყვეტილების შეფასებას, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა (85.4%) იზიარებს სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას. ასევე, მოსახლეობის დიდი ნაწილის (80.5%) აზრით, პროექტმა „ტელესკოლა“ ხელი შეუწყო იმას, რომ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი აკადემიურ წლად არ გამოცხადდა.
დისტანციური სწავლებისას მასწავლებლების მიერ გამოყენებული პროგრამების კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სამინისტროს მიერ სკოლებისთვის შეთავაზებული დისტანციური სწავლების საშუალებები ყველაზე აქტიურად გამოიყენება. კერძოდ, მასწავლებელთა უმეტესობა (68.3%) იყენებს Microsoft TEAMS-ის პროგრამას, ხოლო მათი დიდი ნაწილი (65.3%) კი პროექტ „ტელესკოლის“ მომხმარებელია.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემაში 528,426 მოსწავლე იყო რეგისტრირებული, მათგან 12%-ს (63,272 მოსწავლე) სახლიდან არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა, ხოლო 14%-ს (71,796 მოსწავლე) კი არ ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობა. რაც შეეხება ნოემბრის თვეში ჩატარებულ მოკვლევას, ამ პერიოდში დისტანციური სწავლება მიმდინარეობდა მხოლოდ დიდ ქალაქებში, რეგიონებში კი - საკლასო ოთახებში. შესაბამისად, ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ დიდი ქალაქების მოკვლევის შედეგებს და ასე გამოიყურება: ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს. მოსწავლეთა 3,4%-ს არ აქვს ინტერნეტი, ხოლო 2,4%-ს არ აქვს ტექნიკა.
დოკუმენტის მიხედვით, პანდემიის პერიოდში მოსწავლეებისთვის უწყვეტი, ხარიხიანი განათლების შენარჩუნების მიზნით, სამინისტრომ დისტანციური სწავლების წესი დაამტკიცა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სწავლა-სწავლებისა და შეფასების სისტემის დისტანციურ რეჟიმზე მორგება და ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რამდენიმე მოდელის შეთავაზება. ამასთან, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დიდი ქალაქებში (აჭარის გარდა) I-VI კლასის მოსწავლეების მშობლებს მიეცა შესაძლებლობა, თავად გაეკეთებინა არჩევანი არადისტანციურ და დისტანციურ სწავლებას შორის.
სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ევროპის ინფორმატიკის (EJOI 2020) მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელსაც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა.
ანგარიშში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმის - “Minecraft Education Edition” დანერგვა, სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა, მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ინტერნეტსა და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა.
დოკუმენტში ასევე საუბარია სკოლამდელი განათლების განვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროგრამების შესახებ. კერძოდ, 2019-2020 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.
ანგარიშის „პანდემია და ზოგადი განათლება საქართველოში“ ნახვა შესაძლებელია ბმულზე: GEO, ENG.