პროფესიულ განათლებაში კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა. პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი. პირველი ტალღის პირობებში, სასწავლო პროცესის განახლება შესაძლებელი გახდა 6 ივლისიდან. თითოეულმა დაწესებულებამ, სასწავლო პროცესის აღდგენის უფლების მოპოვების მიზნით, გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება. კერძო სექტორის ამოქმედებასთან ერთად, გაგრძელდა სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური პროგრამების განხორციელებაც, თუმცა გასული წლის ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი გადავიდა ჯერ ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური და პირისპირ სწავლა, შერეულად), ხოლო შემდეგ - სრულად დისტანციური ფორმით გაგრძელდა.
2020 წლის ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები. სამინისტრომ ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინ პლატფორმები (MS TEAMS-ში), სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.), გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელეს რესურსების ანალიზი და მობილიზება დისტანციურ რეჟიმში პროგრამების განხორციელებისათვის.
პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები, ავტორიზაციის პროცესები წარიმართა ონლაინ რეჟიმში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლეს ასზე მეტი პროგრამის ავტორიზება და აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა.
პანდემიის გათვალისწინებით, 2020 წელს, პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღება გამოცხადდა მხოლოდ ერთხელ (ნაცვლად საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებისა). პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში 2020 წლის მიღების ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა 7059 სტუდენტი.
გადაიხედა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მექანიზმიც. ახალი მიდგომა ითვალისწინებს განსაკუთრებულ პირობებს სასკოლო სივრციდან გასული ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველების და სსსმ პირებისათვის, რაც გაზრდის პროფესიულ განათლებაზე მათ ხელმისაწვდომობას. ჩარიცხვის მეტი მოქნილობის უზრუნველსაყოფად, გაუქმდა ცენტრალიზებული ტესტირება იმ პროგრამებზე, რომლებზეც არ აფიქსირდება კონკურსი და აპლიკანტებმა გაიარეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შესარჩევი პროცედურები.
2020 წელს სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიის შესწავლასთან ერთად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ. აღნიშნულ პროგრამებზე 2020 წლის მიღების ფარგლებში 500-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.
დაიწყო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების 2021-2026 წლების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს.
წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების თავსებადობას და აღიარებას განათლების ევროპულ სივრცეში.
დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში, რაც პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს. ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, გაგრძელდა ზრდასრულთა მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. კერძო კომპანიები აქტიურად ჩაერთვნენ სამუშაო ძალის მომზადებაში. პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა.
წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის შედეგად ბანკმა 70 მილიონი აშშ დოლარი გამოყო საქართველოში პროფესიული განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. საქართველოს მასშტაბით დასრულდა ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია და 10-მდე პროფესიულ კოლეჯში მიმდინარეობს სახელოსნოების მოწყობა-განვითარება.
დაიწყო მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული კოლეჯების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. მაგალითად, კახეთში ღვინისა და კულინარიის სკოლები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ცენტრი.