საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლა და მასთან საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით Covid-19-ის პანდემიის პირობებში. მინისტრმა ელჩს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება და V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
მიხეილ ჩხენკელმა ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ერთობლივი პროექტისთვის, რომელსაც იტალიის მხარე განათლების ყველა საფეხურზე ახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურ პროექტს და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, რომლებიც მიუნხენის უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. ეს მიდგომა შენარჩუნდება და მომავალში განათლების სამივე საფეხურისათვის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შექმნილი აკადემიური პროგრამები გაჩნდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები დაწყებულია მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან. მიხეილ ჩხენკელი ასევე მიესალმება იტალიის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების განხორციელებას და იტალიელი პროფესორების ჩართვას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით პროცესში. თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია პროფესორი რობერტო ორეკია (Roberto Orecchia), რომელიც ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორია (იტალია). იგი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის კვლევით პროცესში, რის შედეგადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო კოლაბორაცია შედგება. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები უკვე მზად არიან ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ეს პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება. ამჟამად მათი დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში სამეცნიერო-კვლევით ჰაბად ჩამოყალიბდება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.