საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ უცხოელ პედაგოგებს დახვდა, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდნენ და ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები უცხოელ პედაგოგებთან ერთად სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს დაეუფლებიან.
ახალი პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ჩვენს ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია 2010 წლის 1 მარტიდან მიმდინარეობს საიტზე www. tlg.gov.ge. საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ უცხოელ მოხალისე პედაგოგებს მასზე დარეგისტრირება შეუძლიათ, ასევე სრულ ინფორმაციას იღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე.
31 ივლისს უცხოელ პედაგოგთა პირველი, 50 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა, ისინი ორი თვის განმავლობაში გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მათი სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც. ინგისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, სკანდინავიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვლენ.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსის” გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს ორგანიზაცია საქართველოში 2001 წლიდან მოღვაწეობს და ყოვეწლიურად ამერიკელი მოხალისეები ჩამოჰყავს, ისინი ორი წლის განმავლობაში ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში მოღვაწეობენ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პროგრამა - ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ძალზე მნიშვნელოვანი არა მარტო იმის გამოა, რომ ქართველ ბავშვებს ენას თავად ინგლისურენოვანი მასწავლებლები შეასწავლიან, არამედ იმიტომაც, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნებული თითოეული უცხოელი პედაგოგი იქნება საქართველოს დესპანი და ჩვენი ქვეყნის მდიდარი წარსულის, მიმდინარე დემოკრატიული გარდაქმნების, საქართველოს კულტურისა და ტრადიციების წარმომჩენი თავის ქვეყანაში.