დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ რიგით მე-5 კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროცესში თითოეული ორგანიზაციის, ადამიანისა და განსაკუთრებით მშობლების ჩართულობა აუცილებელია. სწორედ მათთან თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალებით გადაიდგა საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები თითოეული მოსწავლის უფლებების რეალიზების მხარდაჭერის მიმართულებით. კერძოდ, შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოდექსი, ბავშვის უფლებების კოდექსი, არაერთი კონვენცია და განხორციელდა ცვლილება სხვადასხვა კანონში.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე შემუშავდა პროფესიული სტანდარტები და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით კონფერენციას ყოველწლიურად მართავს. ღონისძიებაში, ასოციაციის წევრებთან და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო ასოციაციის წევრებიც იღებენ მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ.
2021 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მსოფლიო გზავნილია – #ჩვენვაკავშირებთ. ამ დღის გზავნილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ის ყოველთვის მოიაზრებს გასული წლის მოვლენებსა და მომავალი წლის გეგმებს, რის გარშემოც საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება.