საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელა.
მხარეებმა ერთმანეთს პანდემიის დროს თავიანთ ქვეყნებში გატარებული ღონისძიებები გააცნეს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა და ამ გზით ვირუსის გავრცელების პრევენცია.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა თომას მიულმანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მასთან ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემის მთავარ მეგა-პროექტს – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად პირველი აკადემიური წელი მიმდინარეობს. უნივერსიტეტმა სამი პროგრამით დაიწყო ოპერირება, რომლებიც მიუნხენის უნივერისიტეტის პროგრამების ანალოგიით შეიქმნა. მსგავსი მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის შეიქმნება ახალი აკადემიური პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრის თქმით, მისასალმებელია ერთობლივი პროგრამების ავსტრიის უნივერსიტეტებთან ერთად განხორციელება.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდას სასწავლო პროცესში უცხოელი პროფესორების ჩართულობაც განაპირობებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები თავიანთ დარგში მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები არიან. მინისტრის თქმით, სწორედ ამგვარი საერთაშორისო კოლაბორაცია განაპირობებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებას და მის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრში ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ჩართვას. ცენტრში ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვის სურვილი უკვე არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა გამოთქვა. ეს პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, სამეცნიერო კვლევებისთვის განკუთვნილ ციკლოტრონზე მუშაობის შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში, ავსტრიელ მეცნიერებსაც ექნებათ.
მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ავსტრიის ელჩი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის მოსანახულებლად მიიწვია. ელჩმა უნივერსიტეტის მონახულებისა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული ალექსანდრე კარნერი.