„სპეციალური მასწავლებლის წარმატების საიდუმლო მოტივაცია, ინტერესი და პროფესიის სიყვარულია. ეს ის სფეროა, სადაც პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად თეორიულ ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავს ყველაზე წარმატებულად და ბედნიერად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ჩემი მოსწავლეები დასახულ მიზნებს აღწევენ“ – მიიჩნევს სპეციალური მასწავლებელი სოფიკო ცირგაია, რომელიც თბილისის N108 და N85 საჯარო სკოლებში სხვადასხვა სირთულისა და საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს.
სოფო ცირგაია დღეს უფროსი სპეციალური მასწავლებელია და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და სწორედ მაშინ შენიშნა, რომ თითოეულ მოსწავლეს სხვადასხვა საჭიროება, სირთულე და ინტერესის სფერო აქვს. მოსწავლეთა ნაწილს წერა-კითხვა უჭირდა, ნაწილს ქცევით-ემოციური სირთულე ჰქონდა, ზოგს კომუნიკაციური უნარ-ჩვევები არ ჰქონდა გამომუშავებული. თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებოდა. სოფიკო ცირგაიამ ინფორმაციის მოძიება დაიწყო, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ყველა მოსწავლის ჩართულობისათვის საგაკვეთილო პროცესში. სწორედ ასე აღმოაჩინა ინკლუზიური განათლება.
„როდესაც მუშაობა დავიწყე ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, სპეციალური მასწავლებელი სიახლე იყო. აღმოვჩნდი საზოგადოებაში, სადაც ინკლუზიური განათლების კუთხით ცნობიერება ძალიან დაბალი იყო. მშობლებმა საკუთარი შვილების უფლებები არ იცოდნენ. მოსწავლესთან შედეგის მისაღწევად აუცილებელია ყველა იმ რგოლის გაძლიერება, ვისთანაც ბავშვი ურთიერთობს. იქნება ეს მშობელი, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი“, – მიიჩნევს სოფიკო ცირგაია.
„სხვადასხვა აქტივობებსა და ტრენინგებს ხშირად ვგეგმავ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილურად, ჯგუფურად და ვცდილობ, ისეთი უნარები განვუვითარო, როგორებიცაა: აკადემიური, შემეცნებითი, მოტორული, სოციალური, კომუნიკაციური, ფუნქციური, ქცევით-ემოციური და სხვა. მათ უნარებზე დაყრდნობით ვადგენ ინტერვენციის გეგმებს, რომელსაც სასწავლო წლის განმავლობაში ვახორციელებ.
საგნის მასწავლებლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ვეხმარები. ვაცნობ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს და მეთოდებს, აქტივობების შესრულებისთვის ვთავაზობ დამხმარე აუდიო, ვიდეო თუ ტაქტილურ რესურსებს, ვასწავლი არსებული სასწავლო მასალის ადაპტირებას და ა.შ. პარალელურად ვთანამშრომლობ მშობლებთან და მუდმივად ვუზიარებ მათი შვილების პროგრესსა და არსებულ საჭიროებებს, ვთავაზობ რეკომენდაციებს“, – ამბობს თავისი პროფესიული საქმიანობის შესახებ სოფიო ცირგაია.