„არ არსებობს უნარი, რომლის განვითარებაც სწორად მუშაობის შემთხვევაში შეუძლებელია,“ - აცხადებს თბილისის №31 და №114 საჯარო სკოლების პედაგოგი ქეთევან გოგოლაძე, რომლის გამოცდილებით, სპეციალური მასწავლებლისთვის ყველა რგოლზე მუშაობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ კომპლექსურ მუშაობას მოაქვს შედეგი.
მიღებული სამაგისტრო განათლება ქეთევან გოგოლაძეს დაეხმარა იმაში, რომ სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩაერთო და 2021 წლიდან უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა, რაც მის ანაზღაურებაზეც აისახება.
გულისხმიერი პედაგოგის სკოლასთან კომუნიკაცია ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო. ფსიქოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი სტაჟირებაზე იმ სარეაბილიტაციო-სადიაგნოსტიკო ცენტრში მოხვდა, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებაზე ზრუნავდნენ. ბავშვებთან კარგ შედეგებს აღწევდა, მაგრამ პატარებს სკოლის სივრცეში რეალიზება მაინც უჭირდათ.
„მაშინ ინკლუზიური განათლება, საკმაოდ ახალი იყო სასკოლო გარემოში, ამიტომ ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა სკოლაში, რატომ არ ეძლეოდა შესაძლებლობა ყველა მოსწავლეს, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის დამთავრებულიც არ მქონდა სკოლა და რეალურად, ვიცოდი სკოლის შიგნით რა ხდებოდა, მაინც ვიფიქრე, რომ, აი, მე რომ იქ ვყოფილიყავი, მივცემდი ბავშვებს უნარების გამოვლენის შესაძლებლობას“, - იხსენებს პედაგოგი.
რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც სტუდენტებისთვის საჯარო სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა, ალტერნატივებს შორის საჯარო სკოლაც იყო. ქეთევან გოგოლაძემ სკოლა დაუფიქრებლად აირჩია. როგორც იხსენებს, სკოლაში უზარმაზარი ამბიციებით მივიდა, მაგრამ ეს იყო მისი პირველი შეჯახება რეალობასთან. მიხვდა, რომ საკმაოდ რთულად იყო ყველაფერი, ფსიქოლოგებსა და სპეციალურ მასწავლებლებს სკოლაში ბევრ ფრონტზე უნდა ებრძოლათ იმისათვის, რომ სკოლაში რეალური ინკლუზიური განათლება შეექმნათ.
სტაჟირების პერიოდში აშკარა გახდა, რომ მისი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სკოლაში კარგად ემუშავა. ამიტომ ისეთი პროგრამების ძიება დაიწყო, სადაც კომპეტენციის ამაღლებას შეძლებდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა აღმოაჩინა, სადაც ამ მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
პედაგოგი მოხარულია, რომ ინკლუზიური განათლება ყოველდღიურად ვითარდება, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ეს განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გამოიკვეთა, რადგან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებმა რომ შეიმეცნონ, გააანალიზონ და დაიმახსოვრონ, სჭირდებათ ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ეკრანზე დანახული გამოსახულება და მოსმენილი ბგერებია. გამოხატული ყურადღებისა და ქცევის სირთულეების არსებობის შემთხვევაში კი ბევრად უფრო გართულებულია ბავშვის ეკრანთან გაჩერება და ინფორმაციის მიღებაც კი.
„ამავდროულად, როგორც ყველაფერს, დადებითი მხარე აღმოაჩნდა დისტანციურ სწავლებასაც. მშობლების ჩართულობა ძალიან გაიზარდა. ჩემი სამუშაოს ძირითადი ნაწილი დისტანციური სწავლების პროცესში, მშობლების ინფორმირება გახდა. სწორედ მათ ვაძლევდი აქტივობებს და ინსტრუქციებს, როგორ მიეწოდებინათ ეს ბავშვისთვის და საკმაოდ კარგ შედეგებსაც მივაღწიეთ.
სპეციალური მასწავლებლების წინაშე ბევრი გამოწვევაა. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების უნარების განვითარებაზე ინდივიდუალური მუშაობის გარდა, აუცილებელია მასწავლებლების დახმარება, მშობლებისთვის სწავლის სტრატეგიების გაცნობა და, ზოგადად, ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. ყველა რგოლზე მუშაობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ კომპლექსურ მუშაობას მოაქვს შედეგი. არ არსებობს უნარი, რომლის განვითარებაც შეუძლებელია, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან სწორად მუშაობის შემთხვევაში.“