საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “თბილისი მარიოტში” ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის’’ პრეზენტაცია გამართა.
ახალი ცენტრი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოყალიბდა და ის აქამდე არსებული განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლეა.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:
ცენტრი იქნება არა მაკონტროლებელი, არამედ ხელშემწყობი დაწესებულება, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას საზოგადოებასთან ერთად წარმართავს.
2010 წლის 21 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელდა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაციის ინსტიტუტის შემოღება და ერთიანი აკრედიტაციის პრინციპის განსაზღვრა. ამის შედეგად, საქართველოს განათლების სისტემაში დამკვიდრდა ახალი ცნება ავტორიზაცია. რის შედეგადაც საქართველოში მოქმედი 200-მდე ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციას გაივლის და ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები გაიცემა.
საქართველოში 70 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ, პარალელურად, 200-მდე ლიცენზირებული სასწავლებელი მოქმედებს, სადაც ბავშვები ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ირიცხებიან. შედეგად, სტუდენტები არასრულფასოვან დიპლომებს იღებენ, - ამ დიპლომით მხოლოდ კერძო სექტორში შეუძლიათ დასაქმდნენ, რადგან სახელმწიფო უწყებაში მუშაობის უფლება არა აქვთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, ასეთ ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ამჟამად 18 ათასამდე სტუდენტი ირიცხება. მათი ოჯახები სწავლის სოლიდურ საფასურსაც იხდიან, მაგრამ მათ დიპლომებს სახელმწიფო არ ცნობს, რითაც სტუდენტთა უფლებები ილახება.
ლიცენზირებული სასწავლებლების მხრიდან ავტორიზაციის გავლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება და უმაღლეს სასწავლებლებს განვითარების საშუალება მიეცემათ. ამასთან, საშუალება ექნებათ ცენტრის მეშვეობით აკრედიტაცია მოიპოვონ, რათა სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღონ.