თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში გერმანული ენის დიპლომების – DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. წელს 21-ე სკოლაში 39 DSD-დიპლომი გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების 90%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატება მიულოცა და სამინისტროს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, მთელი გულით მოგილოცოთ წარმატება. მიხარია, რომ გერმანული ენის შესწავლის ძლიერი ტრადიცია, რომლითაც ეს სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო, დღესაც ასე აქტიურად გრძელდება. გერმანულის ენის მაღალ დონეზე ცოდნა თქვენ დიდ შესაძლებლობებს გაძლევთ. იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებთ. მიხარია, რომ ასეთი კარგები, ნიჭიერები და წარმატებულები ხართ!
მადლობას ვუხდი ბატონ ელჩს და გერმანიის საელჩოს ძალისხმევისათვის. პანდემიის მიუხედავად, ერთობლივად შევძელით საგამოცდო პროცესის ორგანიზება და დღევანდელი დღე შედგა!“
თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მიულოცა მოსწავლეებს გერმანული ენის დიპლომების მიღება და მომავალი წარმატებები უსურვა. მან მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ელჩის თქმით, რომ არა სამინისტროს მხარდაჭერა, პანდემიის პირობებში გამოცდების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ 21-ე საჯარო სკოლა საქართველოში პირველია, რომელიც გერმანული ენის დიპლომს გასცემს და მას ყველაზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს DSD-ს პროგრამა. სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ, მათ შორის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით. 1999 წლიდან 740-მა მოსწავლემ მიიღო მეორე საფეხურის DSD-დიპლომი.
ინიციატივა „სკოლები მომავლის პარტნიორები“ (PASCH) 2008 წელს გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით შეიქმნა და მსოფლიოს მასშტაბით გერმანიასთან განსაკუთრებული კავშირების მქონე 1800 სკოლას აერთიანებს. ინიციატივის მიზანია გერმანული ენის გავრცელება და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება. საქართველოში 15 PASCH-სკოლაა, სადაც გერმანული ენა გაძლიერებულად ისწავლება. თორმეტ მათგანში ათი სასწავლო წლის შემდეგ შესაძლებელია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მეორე საფეხურის დიპლომის (DSD II) მიღება, რაც გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის წინაპირობას წარმოადგენს.