„ჩემთვის თითოეული ბავშვი ძალიან ძვირფასია. დღემდე მახსოვს ყველა იმ მოსწავლის ინტერესი, საყვარელი ნივთი თუ სურვილები, რომლებთანაც მიმუშავია“, – აცხადებს თბილისის 143-ე და 22-ე სკოლების წარმატებული სპეციალური მასწავლებელი თამარ კაველიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მშობლებთან და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის, ამასთანავე, უზარმაზარი ენერგიისა და შემართების გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა.
თამარ კაველიძე ჯერ ფსიქოლოგი, შემდეგ კი ერთ-ერთი კლინიკის ქცევითი თერაპევტი იყო. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა და ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელების პროცესში კიდევ უფრო მეტი ინტერესი და მოტივაცია გაუჩნდა.
„აღმოვაჩინე, რომ სპეციალური მასწავლებლობა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ფსიქოლოგის ან ქცევითი თერაპევტის პროფესია და, აი, უკვე 6 წელია ვემსახურები ამ საქმეს. უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს ჩემს მოსწავლეებში იმის დანახვა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ან თუნდაც მცირე წვლილი შევიტანე იმაში, რომ მათი ცოდნა და შესაძლებლობა ახლა უფრო მეტია, ვიდრე წინა დღეს, წინა კვირას, ან გასულ თვეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მასწავლებლები, ხშირად ძალიან ბევრ სირთულეებს ვაწყდებით, დღემდე არ მინანია ჩემი არჩევანი. ვფიქრობ, ჩემთვის ამაზე უფრო შესაფერისი პროფესია არ მოიძებნება.
ჩემი აზრით, ყველა მასწავლებლისთვის, მით უმეტეს, სპეციალური მასწავლებლებისთვის, დისტანციური სწავლება დიდი გამოწვევა იყო. რთულია ახალ რეალობას სწრაფად და ეფექტურად მოერგო. ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით ინტეგრირებულ კლასში, რადგან ძირითად ძალას ამ შემთხვევაში მშობლები წარმოადგენდნენ. მათ გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იყო რაიმე თვალსაჩინო შედეგის მიღწევა. შედარებით მარტივი აღმოჩნდა ამ პროცესების გავლა რესურს ოთახში. იმედი მაქვს, მომავალი სასწავლო წლიდან აღარ იქნება დღის წესრიგში სწავლების ონლაინ ფორმატზე გადასვლის საკითხი“, – იხსენებს პედაგოგი.
თამარ კაველიძე მიიჩნევს, რომ პედაგოგის მაღალი კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მას უნდა ჰქონდეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება. მხოლოდ ბავშვების სიყვარული ან შრომისმოყვარეობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ზუსტად შეფასდეს მოსწავლის საჭიროებები, თუ რა ტიპის ჩარევა სჭირდება და რა აქტივობების შერჩევა.
„მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, მუდმივად მაქვს განცდა, რომ რაღაც უფრო მეტის გაკეთება, მეტის ცოდნა, მეტი მუშაობაა საჭირო ბავშვებთანაც და საკუთარ თავთანაც. სანამ მივიღებ გადაწყვეტილებას, მოსწავლესთან რა უნდა გავაკეთო, ძალიან ბევრს ვფიქრობ, ხშირად ვცვლი ამოცანებს, თუ ამის საჭიროებას ვხედავ, ასევე ვეკითხები აზრს სხვა სპეციალისტს“ – ამბობს თამარ კაველიძე, რომელსაც სპეციალური სამაგისტრო განათლების გამო 2021 წლიდან უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
თამარ კაველიძე კოლეგებს ურჩევს, იყვნენ საკუთარ და მოსწავლის ძალებში დარწმუნებულნი, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოვა: „მნიშვნელოვანია გჯეროდეს, რომ რასაც აკეთებ, ამას ნამდვილად ექნება შედეგი. მოსწავლისთვის კი მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ მისი შესაძლებლობების სჯერათ, მის წინსვლას ხედავენ და აღნიშნავენ...“
„ყველა ჩვენგანი აუცილებლად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგან ეს ის სფეროა, სადაც თუ გაჩერდი, მუდმივად არ განვითარდი, არ ისწავლე ახალი, არ გაეცანი ახალ მიდგომებს, ვერ შეძლებ იმუშაო ისე, როგორც საჭიროა და როგორც მოსწავლეს სჭირდება. მუდმივად იცვლება ყველაფერი და თუ სიახლეებს ფეხი არ აუწყვე, დაინახავ, რომ ვეღარ მუშაობ, აღარ იცი, რა ქნა კონკრეტულ სიტუაციაში, რით დაეხმარო ბავშვს და ეს ძალიან რთულია...“ – ამბობს პედაგოგი.