„სპეციალური მასწავლებელი ეს არის პროფესია, როდესაც ყოველდღიურად იცვლება შთაბეჭდილებები, მუშაობის სტილი და ტაქტიკა“, – ამბობს 61-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ფაიქიძე, რომელსაც უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი 2021 წლიდან მიენიჭა.
ლელა ფაიქიძემ ჯერ კიდევ ძალიან პატარამ იცოდა, რომ მისი მომავალი საქმიანობა აუცილებლად ბავშვებთან იქნებოდა დაკავშირებული.
„ძალიან პატარა ასაკში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა მომავალში. მართალია, მსგავსი პროფესიის არსებობაზე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცოდი, რომ მომავალი საქმიანობა აუცილებლად ბავშვებთან იქნებოდა დაკავშირებული. მათთან მუშაობა ყოველთვის იყო ჩემი მოწოდება. ყოველთვის მსურდა, დამეცვა მათი ინტერესები, უფლებები, ხელი შემეწყო გარემოსთან ადაპტირებაში და დავხმარებოდი საკუთარი თავის აღმოჩენაში“, – ამბობს წარმატებული პედაგოგი და ონლაინ სწავლების გამოწვევებზე საუბრისას მშობელთა უდიდეს როლზე საუბრობს: „ყველა მოსწავლეს არ აქვს არც სურვილი და არც უნარი, რომ ონლაინ ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. ასეთ შემთხვევაში, მშობლის როლი უდიდესია და მინდა მადლობა გადავუხადო იმ მოტივირებულ მშობლებს, რომლებიც ჩვენ მიერ მიწოდებულ ინსტრუქციებს ზედმიწევნით ასრულებდნენ. სპეციალურ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დამაკავშირებელი რგოლი სწორედ ისინი გახდნენ“, - აცხადებს პედაგოგი.
ლელა ფაიქიძე ფიქრობს, რომ სასკოლო სივრცეში სპეციალური მასწავლებლის წარმატებას მისივე მოსწავლეების შედეგი, მათგან მიღებული უკუკავშირი, მათი მხრიდან გაზიარებული ემოცია თუ უბრალოდ, მათი ბედნიერი თვალები განაპირობებს.
„როდესაც ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლე იმ მიზანს აღწევს, რაც ერთად დავისახეთ და რაზეც თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, ვგრძნობ, ეს ჩემი წარმატებაა და სხვა არაფერი მჭირდება. როდესაც მოსწავლე მენდობა, უკვე საკმარისია ჩავთვალო, რომ წარმატებას მივაღწიე.
ვურჩევ ჩემს კოლეგებს და მომავალ სპეციალურ მასწავლებლებს – არასოდეს დანებდეთ! ყოველთვის იბრძოლეთ, როგორც მოსწავლის, ასევე საკუთარი უფლებების დასაცავად! არ დაგავიწყდეთ, თქვენ, პირველ რიგში, მოსწავლის ადვოკატები ხართ და თუ საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავთ, როგორ შეძლებთ მოსწავლის დაცვას? ჩვენ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია და არ უნდა გავუცრუოთ ჩვენს მოსწავლეებს იმედები“, – აცხადებს პედაგოგი და წარმატების მიუხედავად, ფიქრობს, რომ სპეციალური მასწავლებლები ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სასკოლო სივრცეში კიდევ უფრო მეტად გაიაზრონ სპეციალური მასწავლებლის როლი. სწორედ ამიტომ, მუდმივად უნდა იმუშაონ როგორც საკუთარი, ასევე მოსწავლეთა ინტერესებისთვის.