„ინკლუზიური განათლება, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, – ამბობს სპეციალური მასწავლებელი ნინო ცხადიაშვილი, რომელმაც 17 წლის ასაკში ზუსტად იცოდა, რომ ეს იყო პროფესია, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა და მთელი გულით შეიყვარებდა.
წარმატებული პედაგოგი, რომელსაც წლის დასაწყისში სამინისტრომ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა, თბილისის №60 საჯარო სკოლაში 2010 წლიდან მუშაობს. 2015 წლიდან იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აკადემიური უნარების თერაპევტია, ხოლო 2021 წლიდან №70 საჯარო სკოლის პედაგოგია.
„2005 წელს, როდესაც უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სწავლა დავიწყე, ამ სფეროში პირველი ნაბიჯები სწორედ მაშინ იდგმებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ 17 წლის ასაკში ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო პროფესია, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი და მთელი გულით შევიყვარებდი. ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, დღეს სხვა პროფესიაში თავი ვერ წარმომიდგენია. ბავშვებთან მუშაობა მაბედნიერებს, მათი და მათი მშობლების სიხარულით და იმედით ანთებული თვალები მაძლევს სტიმულს, რომ თავდაუზოგავად ვიმუშაო, ვისწავლო, ვიყო მუდმივად ძიების პროცესში და ამით გავაძლიერო სხვაც და საკუთარი თავიც“, – ამბობს ნინო ცხადიაშვილი და იხსენებს იმ სირთულეებს, რომელიც მუშაობის თერთმეტწლიან პერიოდში შეხვდა.
პედაგოგი სიძნელეებს საზოგადოებას უკავშირებს, რომელიც იმ პერიოდში ჯერ მზად არ ისეთი ცვლილებებისთვის, რათა ღრმად ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული სტერეოტიპები შეეცვალა:
„ამ ყველაფრის დაძლევაში უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის მკაფიოდ გამოხატულმა პოზიციამ, რომ ინკლუზიური განათლება იყო პრიორიტეტული მიმართულება. ამასთანავე, განუსაზღვრელ შრომას დებდა სკოლის ადმინისტრაცია. მათ თანადგომას მუდმივად ვგრძნობდით მე და ჩემი კოლეგები. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მშობელთა ჩართულობაც. მათი აქტიურობისა და დახმარების გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა ნამდვილად რთულია“.
პანდემიის დროს სწავლის პერიოდზე პედაგოგი იხსენებს, რომ საწყის ეტაპზე წარმოდგენაც კი ურთულესი იყო, როგორ ემუშავა სსსმ მოსწავლესთან დისტანციურად. თუმცა მშობლების თანადგომით, მათი ჩართულობით გამოსავალი აქაც მოიძებნა, პროცესი ნელ-ნელა აეწყო და დასახული მიზნისკენ სიარული შეძლეს.
საკუთარ მიღწევებს ნინო მხოლოდ ბავშვების სიყვარულს, თავდაუზოგავ შრომას, სირთულეების მიუხედავად, მიზნისკენ ჯიუტად სწრაფვას და გუნდურ მუშაობას უკავშირებს.
„ჩემს კოლეგებს ვურჩევ, უამრავი პრობლემის მიუხედავად, არ დაყარონ ფარ-ხმალი, იბრძოლონ, ისწავლონ და ასწავლონ სხვებსაც, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი პროფესიის განვითარება“.