საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“ გახსნა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის (ისტორიული ხევი, თრუსო) წარსულისა და თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა.
სიტყვით გამოსვლისას ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აკადემიური წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის ამ რეგიონში უძველესი დროიდან დღემდე მიმდინარე ეთნო-კულტურული და ისტორიული პროცესების ობიექტურად გაცნობა. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მიმდინარე პროცესებისა და არსებული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არაერთ საგრანტო პროექტს აცხადებს.
აღნიშნული კონფერენცია სწორედ ფონდის მიერ გამოცხადებული საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. სამეცნიერო პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულების მკვლევრებმა საქართველოსა და საზღვარგარეთის აღიარებული სამეცნიერო-სასწავლო ცენტრებიდან. მონაწილეებს მიესალმნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია.
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი იდეების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა – ანალიზი, კვლევის შედეგების გავრცელება, სხვადასხვა თაობისა მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება.