„თვითგანვითარებაზე ზრუნვა და მუდმივი ძიება წარმატებული მუშაობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია“ – მიაჩნია თბილისის №136 საჯარო სკოლის სპეციალურ მასწავლებელს თამარ ქიტესაშვილს, რომელსაც წლის დასაწყისში უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა და ერთ-ერთი წარმატებული პედაგოგი გახდა. ამავდროულად, ის საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეა, რაც მისთვის ასევე ძალიან საამაყოა. თუმცა, დატვირთული სასწავლო პროცესის მიუხედავად, ფიქრობს, რომ თვითგანვითარებაზე ზრუნვა, მეტი პრაქტიკული გამოცდილება და მუდმივი ძიება წარმატებული მუშაობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
თამარ ქიტესაშვილს გავლილი აქვს სხვადასხვა პრაქტიკული კურსი ინტეგრირებულ კლასებსა და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისათვის:
„ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის დარგში მაქვს აღებული. ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი ადამიანი, ვინც სხვებს დაეხმარებოდა. წარმოვიდგინე, რომ ადვოკატად მუშაობის დროს საკუთარი თავისთვის ამ სურვილის ასრულებას შევძლებდი. თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მივიღე პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხალისე მასწავლებელი გავხდი.
სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობა ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, უდიდესი ენობრივი ბარიერის პირობებში დავიწყე. სირთულეების მიუხედავად, მოტივაცია უფრო და უფრო მემატებოდა და ყველა პატარა წინსვლა, ახალი დასწავლილი სიტყვა, უდიდეს მიღწევად მიმაჩნდა. სასწავლო წლის ბოლოს რეალურად ფიქრი აღარ დამჭირვებია, გადავწყვიტე, სწავლა განათლების სფეროში გამეგრძელებინა. ფაკულტეტების შერჩევისას ილიას უნივერსიტეტში შემთხვევით ვიპოვე ახლი დაფუძნებული სპეციალური განათლების ფაკულტეტი და, საბედნიეროდ, ჩავაბარე კიდეც“, – იხსენებს წარმატებული პედაგოგი.
როგორც ყველა სპეციალური მასწავლებლისთვის, თამარ ქიტესაშვილისთვის სკოლაში სამუშაო პროცესი ინდივიდუალური გაკვეთილებით, აკადემიური, მოტორული, კოგნიტური, ფუნქციური უნარების განვითარებაზე ზრუნვით, სასწავლო რესურსის შემუშავებით, ყველა მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ასისტირებით, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებით, საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლების კონსულტირებით თუ მოსწავლეებისთვის პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებით შემოიფარგლება. თუმცა მისთვისაც უდიდესი გამოწვევა იყო დისტანციური სწავლება:
„ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. პირველ რიგში, მქონდა კომპლექსი, როგორ შევძლებდი ეკრანიდან გაკვეთილის ჩატარებას, ყველა სიტყვა წინასწარ მქონდა გაწერილი. თუმცა არაერთი დაბრკოლება გაჩნდა, რადგან მშობლები მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ვერ ახერხებდნენ ასისტირების გაწევას, ზოგჯერ ბავშვებსაც არ ჰქონდათ განწყობა ონლაინ გაკვეთილებში ჩართვისა და იყო გაცდენების შემთხვევები. შედარებით დარეგულირდა პროცესი, როდესაც სსსმ მოსწავლეებს უფლება მისცეს სკოლის გარემოში მიეღოთ ინდივიდუალური გაკვეთილები და, მართლაც, თითქმის ყველა მშობელმა ისარგებლა ამ მომსახურებით. ცხადია, საკმაოდ ჩართული იყვნენ ასევე საგნის მასწავლებლებიც და ინდივიდუალური გეგმების შესაბამისად ისინიც უტარებდნენ ინდივიდუალურ გაკვეთილებს.
დისტანციური სწავლებისას მშობლებზეც დიდი პასუხისმგებლობა გადავიდა, ამიტომ მათთან მუშაობა გავაძლიერეთ. სხვადასხვა პატარა აქტივობებით, კოგნიტური უნარების, მოტორიკის, აკადემიური უნარების გასავარჯიშებლად დამატებით ვწერდი ორ-სამ წუთიან ვიდეო გაკვეთილებს. ყველა რგოლის მონაწილეობით სირთულე ნელ-ნელა დაძლევადი გახდა. წარმატება ყველამ ერთად შევძელით“, - იხსენებს პედაგოგი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ №136 საჯარო სკოლაში მეტად კვალიფიციური, მიმღები და მოტივირებული მასწავლებლები მუშაობენ.
პედაგოგისთვის სასიხარულოა, რომ დღეს ამ კუთხით საზოგადოები ცნობიერება გაცილებით ამაღლდა, რაც, რა თქმა უნდა, ინკლუზიური განათლების განვითარებას განაპირობებს. თუმცა გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს მოიხსენიებენ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონედ, არამედ „ინკლუზიურ“ ბავშვად, და არა მხოლოდ ბავშვებს, პედაგოგებსაც სპეციალური მასწავლებლების ნაცვლად „ინკლუზიურ მასწავლებლებს უწოდებენ:
„მინდა ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვო, რომ არ დაეზაროთ და ასეთი ტერმინები არასდროს დატოვონ ყურადღების მიღმა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რას წყვეტს, ვის რას დაუძახებენ, თუმცა სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, სწორი ტერმინოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
საბოლოოდ, თამარ ქიტესაშვილი ფიქრობს, რომ დასახული მიზნების მიღწევა, სასკოლო გარემოში პოზიტიური დამოკიდებულებების არსებობის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებისგან მიღებული სიყვარულია.