სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელწოდებით - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ აჭარის რეგიონში სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც 21 სექტემბერს ბათუმში ღია ცის ქვეშ გაიმართება.
სანახაობრივი ღონისძიება პროექტის, „მეცნიერების კალენდარი - 2021“-ის ფარგლებში ჩატარდება და მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა: შავი ზღვისა და სანაპირო ზოლის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და სოციალური საკითხების შესწავლის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში ისეთი სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართება, რომლებიც ახალგაზრდებს საბუნებისმეტყველო საგნებით დააინტერესებს და გაუზრდის მოტივაციას მეცნიერული კვლევებისკენ. კერძოდ, იგეგმება შავი ზღვის მიმართულებით წარმოებული უახლესი კვლევების პრეზენტაცია, კონფერენციები, ვორკშოპები, გამოფენები, მათ შორის, ფოტოგამოფენები, სახალისო ექსპერიმენტები და ა. შ.
მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ექსპერტებთან ერთად, პროექტის „მეცნიერების კალენდარი - 2021“-ის ფარგლებში გამართული სამეცნიერო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები თავად ჩაერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომელიც შავ ზღვასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ საკითხს მოიცავს. ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები უშუალოდ პროფესიონალებისგან მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საზღვაო ქვეყანაში ცხოვრებას და რატომ არის საჭირო მისი გაფრთხილება.
მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ღონისძიებაში მონაწილე უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა და ის საორგანიზაციო საკითხები განიხილა, რაც ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბულვარში გაიმართება, სადაც სამეცნიერო პავილიონები ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის იქნება განთავსებული.
სამინისტროსთან ერთად, ღონისძიებაში ჩართულები არიან ქვეყნის წამყვანი უმაღლეს სასწავლებლები – თსუ, ილიაუნი, სტუ, კავკასიის საერთაშორისო და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასევე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.