განსაკუთრებული მიღწევებისთვის USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში თბილისის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის 17 მასწავლებელი დაჯილდოვდა. ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, USAD/საქართველოს მისიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
რეგიონული კონკურსების მიზანს მასწავლებლების წახალისება წარმოადგენდა, რაც ხელს შეუწყობს მათში სწავლების ეფექტიანი, მოსწავლეზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვას, მათი საქმიანობის სტიმულირებას და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
ეკატერინე დგებუაძემ გამარჯვებულ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო მათ ყოველდღიურ შრომას განსაკუთრებულად აფასებს. მისი თქმით, ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და მოსწავლის ინტერესებზეა ორიენტირებული. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც სკოლის ადმინისტრაციის სახით ღირსეული მმართველობა ეყოლება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ პროცესს მხარს უჭერს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ზოგადი განათლების რეფორმასთან.
კონკურსების ფარგლებში, საქართველოს თითოეული რეგიონისა და თბილისის სკოლების დაწყებით (I-VI) კლასებში სხვადასხვა კატეგორიაში მშობლიური ენის, ლიტერატურისა და მათემატიკის გამორჩეული მასწავლებლები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში; საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში; საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში; საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში; საუკეთესო მასწავლებელი სომხურ ენაზე კითხვის სწავლებაში; საუკეთესო მასწავლებელი სომხურ ენაზე მათემატიკის სწავლებაში; საუკეთესო მასწავლებელი აზერბაიჯანულ ენაზე კითხვის სწავლებაში; საუკეთესო მასწავლებელი აზერბაიჯანულად მათემატიკის სწავლებაში.
აღნიშნული კონკურსებით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების გატარებაში, მიმდინარე პროცესებში მასწავლებელთა ჩართულობისა და მოტივაციის განმტკიცებას, ამასთანავე, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას.