საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სერჰი შკარლეტს უმასპინძლა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
მინისტრებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისათვის და ერთმანეთს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები გააცნეს.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტზე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცე საქართველოში ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად შეიქმნა. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს ორი ძირითადი მიდგომა განაპირობებს: ერთი მხრივ, აკადემიური პროგრამები კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იქმნება, მეორე მხრივ, უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის კარი უცხოელი სტუდენტებისათვისაც გაიხსნება, მათ შორის, უკრაინელი სტუდენტებისთვისაც.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტზე – ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ასევე დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ცენტრში უცხოელი მეცნიერების ჩართულობით კვლევები წარიმართება ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში, რისი სურვილიც არაერთმა უცხოელმა მეცნიერებმა უკვე გამოთქვა. ეს პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი.
თავის მხრივ, სერჰი შკარლეტმა მიხეილ ჩხენკელს უკრაინის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინიციატივით კიევში დაარსებული უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ახალგაზრდებს მომავლის პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, IT ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართულ და უკრაინულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მიმართულების გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ერთმანეთს პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.