„სპეციალური მასწავლებლის წარმატებას მხოლოდ მუდმივი პროფესიული განვითარების სურვილი, მაღალი მოტივაცია და პროფესიის სიყვარული განაპირობებს“, – მიიჩნევს თბილისის N173 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი მარიამ მათეშვილი, რომლის მიზანს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა წარმოადგენს.
პედაგოგს მოტივაციას მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა, მათი ინტერესების, შესაძლებლობების აღმოჩენა და უნარების განვითარება, მათი საგაკვეთილო პროცესის შეფასება აძლევს, რასაც ძალისხმევა, პრინციპულობა, მოთმინება, სკოლის ადმინისტრაციასთან, საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან ეფექტური და პოზიტიური კავშირების დამყარება სჭირდება.
მარიამ მათეშვილი დარწმუნებულია, რომ მისთვის ყველა დღე განსხვავებულია, რადგან თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობა, ინტერესი თუ მოტივაცია განსხვავებულია. და შენ, სპეციალურმა მასწავლებელმა, უნდა შეძლო, სწორად განსაზღვრო ბავშვის განვითარების დონე და ფრთხილად, ფაქიზად, სწორი ნაბიჯებით გადახვიდე მისი განვითარების ახალ ზონაში, აღიარო ბავშვის მიღწევები და რაც მთავარია – დააფასო!
„არაერთ ტრენინგში, სემინარსა თუ საჯარო ლექციაში ვმონაწილეობდი, მაგრამ მინდოდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ბავშვთა განვითარების დარღვევები, მეტი პრაქტიკა მიმეღო. სწორედ ამიტომ გავხდი სპეციალური განათლების მაგისტრი. მართლაც, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მივიღე როგორც თეორიული ცოდნა, შევიძინე პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც, მაგრამ დღემდე ვცდილობ პროფესიულ განვითარებას, ვეცნობი თანამედროვე მიდგომებს, სასწავლო სტრატეგიებს, სტატიებს, მინდა მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა პროექტებში, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს“, – აცხადებს პედაგოგი, რომელსაც უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი სწორედ სპეციალური სამაგისტრო განათლებიდან გამომდინარე მიენიჭა და დღეს ის ერთ-ერთი წარმატებულია.
„თუმცა მანამდე იყო სტუდენტობის 4 წელი, რომელიც ასევე სოციალური მუშაობის პროფესიას უკავშირდება“ – იხსენებს მარიამ მათეშვილი, რომელმაც მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარებთან მუშაობისას ერთ-ერთი მათგანის სპეციალური საჭიროება აღმოაჩინა. მიხვდა, რომ მასთან სწავლების პროცესში მიღებული შედეგი ბედნიერებას ანიჭებდა, რაც გარდამტეხი გახდა იმისათვის, რომ მომავალი სპეციალურ მასწავლებლობასთან დაეკავშირებინა.
მარიამ მათეშვილს მიაჩნია, რომ 2019-2021 სასწავლო წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყო, პანდემიის გამოწვევებმა მუშაობის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
„სოციალური დისტანციის აუცილებლობამ განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ზოგიერთი მოსწავლისათვის საგაკვეთილო პროცესი შედარებით „მშრალი“ გახადა, მაგრამ, მეორე მხრივ, საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვამ, ვირტუალური სამუშაო ჯგუფების შექმნამ, კიდევ უფრო გაზარდა მშობლების ჩართულობა. ფაქტობრივად, შვილებს ასისტირებას ისინი უწევდნენ, ახორციელებდნენ სასწავლო პროცესის მონიტორინგს, თანამშრომლობდნენ სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სპეციალურ მასწავლებლებთან და გუნდური მუშაობის პრინციპით, ერთობლივად, საჭიროებების მიხედვით ახდენდნენ პრევენცია-ინტერვენციის გზების დაგეგმვა-განხორციელებას. ინკლუზიური განათლების პრინციპები კი, სწორედ მოსწავლის გარშემო მყოფი თითოეული რგოლის ჩართულობაზე და ურთიერთთანამშრომლობაზეა დამყარებული“, – ამბობს პედაგოგი.
მარიამ მათეშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია სპეციალური მასწავლებელი ზრუნავდეს სკოლაში ინკლუზიური განათლების სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ასევე აუცილებელია კოლეგებთან დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია, გააღვივოს ემპათია და პოზიტიური დამოკიდებულებები.
„კოლეგებს, სპეციალურ მასწავლებლებს ვურჩევ, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, მუდმივად იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე, არასდროს შეუშინდნენ გამოწვევებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მუდმივად ახსოვდეთ, რომ კოლეგებთან პოზიტიურ ურთიერთობებს ემოციის სწორად მართვა განაპირობებს, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა განვითარებასა და კეთილდღეობაზე. მე, როგორც სპეციალური მასწავლებელი, თავს წარმატებულად მაშინ ვთვლი, როდესაც, ჩემი მოსწავლეები შედეგს აღწევენ, როდესაც მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ეტაპობრივად, ჩემს თვალწინ იზრდება“, - აცხადებს მარიამ მათეშვილი.