საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ოფიციალურად გაიხსნა.
ხუთწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროგრამა დაეხმარება სტუდენტებს, პროფესიონალებსა და დასაქმების მაძიებლებს, განივითარონ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარები და დასაქმდნენ, რაც, საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებასა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის (IESC) მიერ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამის სამიზნე ჯგუფები ძირითადად მოიცავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით.
პროგრამის წარდგენის ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გახსნეს.
თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ამ ეტაპზე არსებითად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მეტი გააქტიურება, განსაკუთრებით კი სექტორული პოლიტიკის გაძლიერება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ USAID-ის ახალი პროგრამა არის დროული და ხელს შეუწყობს იმ პროცესების დაჩქარებას, რომელმაც საბოლოოდ პროფესიული განათლება უნდა აქციოს კერძო და საჯარო სექტორის თანასწორი პარტნიორობის საგნად და ასევე უნდა დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში შეთავაზებულ კვალიფიკაციებზე.
ღონისძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ექსპერტებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პიტერ ვიბლერი: „აღნიშნული ინიციატივის შედეგად ჩვენ შევქმნით არა მხოლოდ დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მივცემთ სტიმულს, მიაღწიონ წარმატებას და ჩაერთონ ეკონომიკის მზარდ განვითარებაში. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით მაგალითს, თუ როგორ იქმნება უახლესი პროგრამები ბიზნესთან და დამსაქმებელთან თანამშრომლობით. პირდაპირი კავშირის დამყარება მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის საქართველოს მოქალაქეებს დღესაც და მომავალშიც მისცემს დასაქმების შესაძლებლობებს და ადგილობრივ ბიზნესებს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალით“.