საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ ქართველი ახალგაზრდების საქართველოში დაბრუნების პერსპექტივისათვის უმნიშვნელოვანესია ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში მათი ინტეგრაცია, რისთვისაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს ის პროგრამები წარუდგინა, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს, ისაუბრა ქვეყნის გარეთ მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენისა და კულტურის სწავლების გაძლიერებაზე, სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. ამასთან, ნუნუ მიცკევიჩმა საზოგადოებას გააცნო საქართველოში არსებული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების საქმიანობა და პროექტი „შემოაღე კარი მეცნიერებაში“ წარადგინა, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს პროფესიული ორიენტირებისა და ინტერესების განსაზღვრაში დაეხმარება.
ვიზიტისას ნუნუ მიცკევიჩი გაეცნო ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების – ათენის ქართული ინსტიტუტისა და განათლებისა და კულტურის ცენტრის „კავკასია“ საქმიანობას. შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. ავთანდილ მიქაბერიძემ აღნიშნული ორგანიზაციების საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სახელოვნებო საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრების არსებობა საზღვარგარეთ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ქართული კულტურისა და მეცნიერების მიღწევების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, რაშიც ისტორიულად დიდი წვლილი სწორედ საბერძნეთში, ათონის მთაზე მოღვაწე ქართველებს მიუძღვით. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერას.
შეხვედრა ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით, დიალოგის ფორმატში წარიმართა. გარდა ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აბიტურიენტებისა, შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ათენში სტუმრად მყოფი მეცნიერები და ხელოვანები. შეხვედრის შედეგად, საბერძნეთის ქართულ დიასპორაში ქართული ენის სწავლების გაძლიერებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საქართველოში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობისათვის სამინისტროსა და ათენის ქართულ ინსტიტუტს შორის სამუშაო შეხვედრები დაიგეგმა.