ეკონომიკური ინდუსტრიის პოსტპანდემიური განვითარებისა და განათლების სისტემების მიერ მომავლის ტენდენციებზე რეაგირების მექანიზმების განსახილველად მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, გაეროს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, მრგვალი მაგიდა „მზადება სამუშაოს ახალი მომავლისთვის“ გამართა. ონლაინ შეხვედრაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიური კრიზისის პასუხად მსოფლიოში შრომის ბაზრისთვის ახალი უნარებისა და კვალიფიკაციების შეთავაზების საკითხები განიხილეს, მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე ისაუბრა მომზადება-გადამზადების პროგრამებზე, რაც შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად მოქნილ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული ეკონომიკის ახალი ტენდენციების საპასუხოდ, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შექმნა პარტნიორობის გლობალური, დარგობრივი ქსელი სწავლების მიმწოდებლებს, დამსაქმებლებსა და მთავრობებს შორის. აღნიშნული ღია პლატფორმის მიზანია, ცვლილებები შეიტანოს პოლიტიკასა და პრაქტიკაში, რაც უწყვეტი განათლების პროცესს შეუწყობს ხელს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეკონომიკისა და საზოგადოების ცენტრი მიზნად ისახავს, შექმნილი ქსელის საშუალებით ციფრული ტრანსფორმაციის ჭრილში დაეხმაროს ქვეყნებს ეკონომიკის თანამედროვე მოწყობასა და მომავლის უნარების ფორმირებაში.
პროფესიული უნარების შესაბამისობის მხარდამჭერი პლატფორმის (Closing the skills gaps accelerators platform) მიერ პოზიტიურად და ინოვაციურად შეფასდა საქართველოს რეფორმა პროფესიული უნარების სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს და, საბოლოო ჯამში, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.