საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების განხილვის მიზნით, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ტიბორ დრასკოვიჩთან და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტ მარკ ვან დენ მაუზენბერგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ინტენსიურად მუშაობს 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის პროექტის გუნდს განათლებისა და მეცნიერების განვითარების პოლიტიკის ძირითადი დოკუმენტების შემუშავების პროცესის სრული მხარდაჭერისათვის, ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, განათლებისა და მეცნიერების სფეროს გასაძლიერებლად გრძელვადიანი ხედვის არსებობის მნიშვნელობასა და სამოქმედო გეგმების წარმატებით იმპლემენტაციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე. ასევე, გამოითქვა ევროკავშირის პროექტთან თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შემუშავებულია პოლიტიკის დოკუმენტების პირველადი სამუშაო ვერსიები. 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ჩამოყალიბებულია უწყებათაშორისი საბჭო, შიდაუწყებრივი კომისია, დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია განათლების სისტემაში ჩართულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. პირველადი ვერსიის შემუშავების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინაციით, დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნდება საჯარო განხილვებისა და კონსულტაციებისთვის, რათა მაქსიმალურად აისახოს დაინტერესებული და ჩართული მხარეების ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრება თუ შენიშვნა.
2022-2032 წლების გრძელვადიანი სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი 2021 წელს დასრულდება.