საქართველოს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში საჭირო უნარების განსახილველად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დისტანციური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ლოჯისტიკის ასოციაციამ (GLA) უნარების კუთხით სექტორში არსებული გამოწვევების კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა. კვლევა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან ერთად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით ბოლო დროს მიღწეულ შედეგებს.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას განხილვა მოჰყვა, რომელშიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგში წამყვანი დამსაქმებლების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. რეკომენდაციებისა და დისკუსიის შედეგად დაისახა ახალი კვალიფიკაციების განვითარების, კოლეჯების მხარდაჭერისა და დუალური პროგრამების დანერგვის წახალისების სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით აღინიშნა დაგეგმილი სამართლებრივი ცვლილებები, რაც შესაძლებელს გახდის კერძო სექტორის წარმომადგენლების, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, სისტემურ ჩართვას პროფესიულ განათლებაში. მხარეები შეთანხმდნენ პროფესიულ განათლებაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის მონაწილეობის კიდევ უფრო გაზრდაზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პასუხისმგებლობების გაზიარებასა და, საბოლოო ჯამში, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.