„ვცდილობ, ჩარჩოში არ მოვაქციო მოსწავლეები, წავახალისო, რომ იყვნენ უფრო გახსნილები, იგრძნონ მეტი თავისუფლება, გამიზიარონ საკუთარი სურვილები და არ შეეშინდეთ აზრის გამოთქმა, – ასეთია მარნეულის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლის მერი ხაჩიძის მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ექვს წელზე მეტია სახელმწიფო ენის შესწავლაში ეხმარება.
„ჯანდარის სკოლაში მისვლის დღიდან იმდენად ჯანსაღი და თბილი გარემო დამხვდა, საშუალება მომეცა, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა. მასწავლებლობა ძალიან საინტერესო და, ამავე დროს, საპასუხისმგებლო პროფესიაა. გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში ვეხმარები, ვცდილობ მათ ინტეგრაციას ქართულენოვან გარემოში. სწავლების პროცესიც ძალიან საინტერესოა. მაქსიმალურად ვცდილობ, მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმო – უცხო ენის სწავლებისას ბევრი დეტალის გათვალისწინება მჭირდება, ხშირად სამსახიობო უნარ-ჩვევების გამოყენებაც მიწევს“, – ამბობს პროფესიით ფილოლოგი მერი ხაჩიძე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ 2012 წელს ჩაერთო და მოხალისე მასწავლებლის სტატუსით ჯავახეთში გაემგზავრა. ახალქალაქის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალკურსდამთავრებული მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში ძირითად პედაგოგებთან ერთად ატარებდა ქართული ენის გაკვეთილებს, აწყობდა ღონისძიებებს და ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსახლეობას სახელმწიფო ენის შესწავლაში ეხმარებოდა.
პროგრამამ „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მერი ხაჩიძეს საშუალება მისცა, სახელმწიფო დაფინანსებით სწავლა თსუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე „ქართველური ენათმეცნიერება“ გაეგრძელებინა.
„როგორც პედაგოგისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, საგნობრივ ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს ის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაო, რომლებიც მათ რეალურ ცხოვრებაში დაეხმარება. მინდა, ისწავლონ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად დასაბუთება, იყვნენ ემპათიურები, დააფასონ ერთმანეთის შესაძლებლობები და არ შეწყვიტონ განვითარება. ამას პირადი მაგალითით ვაჩვენებ. მუდმივად ვცდილობ ვიზრუნო თვითგანვითარებაზე, მოვიძიო სიახლეები და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შევქმნა დამატებითი რესურსები. არის შემთხვევები, როდესაც სწავლების პროცესი ჩემი გეგმის მიხედვით არ მიდის, ამ დროს ვცდილობ პრობლემის მიზეზი ვიპოვო და შევცვალო ჩემი მიდგომა“.
მერი ხაჩიძე ამავდროულად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ მონაწილეა. სკოლის პედაგოგებს, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებით უწევს კონსულტაციას, ეხმარება პროფესიულ წინსვლაში, რისთვისაც დონეების შესაბამისად, ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ატარებს:
„ქართულის მასწავლებლებს ვუზიარებ იმ გამოცდილებას, რომელიც თავად მივიღე მეთოდური ტრენინგების გავლისას. ვაცნობ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს და პროფესიულ განვითარებაში ვეხმარები,“ – ამბობს პედაგოგი.
მერი ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ინტერესი ქართული უნივერსიტეტების მიმართ გაიზარდა და „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში ბევრად მეტი აგრძელებს სწავლას:
„გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვიცი ჩვენი სტუდენტების სურვილები. ძალიან უნდოდათ კონკრეტულ საგანს დაუფლებოდნენ, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სოფლებში და იქ გაეგრძელებინათ პედაგოგიური საქმიანობა. თვალს ვადევნებ მათ და ვიცი, რომ მიზანს მიაღწიეს. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომით სოფლის სკოლებში გაიზრდება კვალიფიციური კადრების რაოდენობა. უკეთესი შედეგის მისაღწევად კარგი იქნება ისეთი პროექტების განხორციელებაც, რომლებშიც მხოლოდ მოსწავლეები კი არ ჩაერთვებიან, არამედ მათი ოჯახებიც და, ზოგადად, თემი“.
ყოფილ მოსწავლეებთან პედაგოგს ხშირი ურთიერთობა აქვს:
„ვიცი, სად სწავლობენ, რას საქმიანობენ. როცა მეხმიანებიან, მეკითხებიან რჩევებს და მიზიარებენ თავიანთ მიღწევებს. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და მეც სტიმული მემატება, ვაკეთო კიდევ უფრო მეტი და აქტიურად განვაგრძო ჩემი საქმიანობა“.