ქართული ჟესტური ენისა და ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოში ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების სერტიფიცირებისა და პროფესიის განვითარების გზამკვლევი“ შეიქმნა.
გზამკვლევის ონლაინ პრეზენტაცია, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ყრუ ადამიანების განათლებისა და განვითარებისთვის: „მნიშვნელოვანია, რომ კანონში აისახა ის ვალდებულება, რომელიც დაიცავს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და მთელი ცხოვრების მანძილზე მხარდაჭერას. ასევე, ვისურვებდი, უნივერსიტეტებისა და ენის პალატის როლის გაძლიერებას ჟესტური ენის განვითარებაში, რადგან თუ ვზრუნავთ ხარისხიან განათლებაზე, მნიშვნელოვანია, ქართული ჟესტური ენის უწყვეტი განვითარება“.
აღსანიშნავია, რომ გზამკვლევში წარმოდგენილია ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის, ჩამოყალიბების საერთაშორისო გამოცდილება. მიმოხილულია საქართველოს კონტექსტში ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებასთან დაკავშირებული საჭიროებები და რესურსები. ასევე, მოცემულია რეკომენდაციები საქართველოში ამ პროფესიის წარმომადგენლების სერტიფიცირებისა და პროფესიის განვითარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევასა და საერთაშორისო და ადგილობრივ დოკუმენტს. ამასთანავე, საქართველოს კონტექსტის მიმოხილვისას გამოყენებული გარკვეული მონაცემები ეფუძნება საქართველოს ყრუთა კავშირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.