„ვამაყობ, რომ ქართული ენის სწავლებით ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმეში“, – ამბობს წამყვანი პედაგოგი სალომე გოჩოლეიშვილი, რომელიც არქევანის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს 10 წელია ქართულ ენას ასწავლის.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი სალომე გოჩოლეიშვილს 2019 წელს მიენიჭა. 2011 წლიდან თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სალომე გოჩოლეიშვილი ცენტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლად მიავლინა, სადაც პედაგოგი დღემდე წარმატებით მუშაობს.
სწორედ აღნიშნული პროგრამის დახმარებით სალომეს შესაძლებლობა მიეცა, სახელმწიფო დაფინანსებით თსუ-ს დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი გამხდარიყო. თუმცა მან სკოლაში, საყვარელ მოსწავლეებთან დარჩენა არჩია:
„ქართული ენის მასწავლებლობა განაპირობა ჩემმა სურვილმა, მცირე წვლილი შემეტანა ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ქართულ ენას უკვე ათი წელია ვასწავლი და ამ ხნის განმავლობაში არასოდეს მინანია მასწავლებლის პროფესიაში შესვლა. მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელსაც სიყვარულითა და ხალისით ვაკეთებ. დღემდე მომყვება ერთგვარი პროფესიული აზარტი, მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მაქსიმალურად საინტერესო გავხადო.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ქართული ენის შესწავლის მიმართ მოსწავლეთა მოტივაცია საგრძნობლად გაიზარდა. მახარებს, რომ გაკვეთილების გარდა, ჩემს მოსწავლეებს აქვთ უდიდესი მოტივაცია და მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში და ამ გზით გაიუმჯობესონ ენის ფლობის დონე.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი მოსწავლე გოგონების მიღწევები. აზერბაიჯანულ თემში მცხოვრები გოგონების გაძლიერებისა და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი ძალისხმევის შედეგად ჩემი ყოფილი მოსწავლეები სახელმწიფო დაფინანსებით საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ. თითოეულ მათგანს აქვს სწავლის გაგრძელებისა და პიროვნული განვითარების ძლიერი სურვილი. ისინი აქტიურად და სრული მოტივაციით ერთვებიან სასკოლო ღონისძიებებსა და პროექტებში, მონაწილეობას იღებენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში“.
პედაგოგი ფიქრობს, რომ ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო თუ პოლიტიკური ინტეგრაცია ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია. ამით ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა კი სწორედ ინტეგრაციის პროცესის აუცილებელი ნაწილია – „ვამაყობ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმეში“, - ამბობს მასწავლებელი.
სალომე გოჩოლეიშვილი მიიჩნევს, რომ წარმატებების პარალელურად არაქართულენოვან სკოლებში რიგი გამოწვევები მაინც რჩება. მათი აღმოფხვრა კი კიდევ უფრო დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
პედაგოგს ძალიან ახარებს საკუთარი მოსწავლეების შემდგომი წარმატებები: „მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები სკოლის კედლებში მიღებულ ცოდნას ყოველდღიურობაში აქტიურად იყენებენ. მახარებს, რომ ენას თავისუფლად ფლობენ“, - ამბობს სალომე.