ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ცაულინა მალაზონია არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაში დაარსების პირველივე დღიდან მონაწილეობს და ეთნიკური უმცირესობების განათლებასა და ინტეგრაციაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.
პროფესიით ფილოლოგმა, მანამდე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის თანამშრომელმა, ამავდროულად მოქმედმა ჟურნალისტმა და გაზეთის რედაქტორმაც, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის მასწავლებლის ვაკანსიის გაჩენისთანავე ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, მკაცრი კლიმატური პირობებით გამორჩეული ჯავახეთის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად წასვლა არჩია.
„ადვილი არ არის, წერტილი დაუსვა წარმატებულ კარიერას, დატოვო სამსახური ქალაქში, სახლთან ახლოს, გარემო, სადაც სტუდენტებსა და თანამშრომლებს უყვარხარ, სახლი, სადაც შენი მეექვსეკლასელი გოგონა ყველაზე მეტად საჭიროებს დედის სიახლოვეს, წახვიდე შორს და დაიწყო ყველაფერი თავიდან. თუმცა ამ გზაზე ზურგს მიმაგრებდა გამოცდილება, რომელიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში არაქართულენოვან სტუდენტთა კონტინგენტის მოსამზადებელ კურსებზე მუშაობისას შევიძინე. რეგიონში მცხოვრებ სომეხ და რუს ახალგაზრდებს იმ პერიოდში ახალციხეში ჩამოსახლებული რეპატრირებული მესხებიც დაემატნენ, სწორედ ისინი იყვნენ ჩემი პირველი სტუდენტები“, – იხსენებს პედაგოგი, რომელიც არაერთი წამოწყებისა და აქტივობის ინიციატორია – „მასშტაბური ექსკურსიებითა თუ კულტურული ღონისძიებებით ჩემს მოსწავლეებსა და სოფლის ახალგაზრდებს მთელი საქართველო გავაცანი. ქართველებმაც უფრო ახლოს გაიცნეს ეთნიკური სომხების ტრადიციები და კულტურა. მნიშვნელოვანია ჩემი მოსწავლეების ჩართულობა კონფერენციებსა და კონკურსებშიც“, – ამბობს პედაგოგი.
ცაულინა მალაზონია უფროსი მასწავლებელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედებისთანავე ავტომატურად გახდა. წამყვანის სტატუსი კი 2018 წელს მიენიჭა. სერტიფიცირებული პედაგოგიც მასწავლებლობის პირველივე წელს, 2011 წელს გახდა. ჩაბარებული აქვს საგნობრივი და პროფესიული უნარები: ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებითი კლასები, მეშვიდე-მეთორმეტე კლასები, ქართული, როგორც მეორე ენა, პროფესიული უნარები. მართალია, 2014 წელს სკოლის დირექტორთა სასერტიფიკატო გამოცდებიც ჩააბარა და გასაუბრებაც წარმატებით გაიარა, მაგრამ არჩევანი მაინც ჯავახეთის სკოლაში დარჩენაზე გააკეთა.
ბოლო პერიოდში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენის შემსწავლელთათვის გამოცემული ახალი სავარჯიშოების კრებულია, რომელიც TPDC-ის პროგრამის მენეჯერის ნინო ბერიკაშვილისა და თსუ ასოცირებული პროფესორის ნინო შარაშენიძის ხელმძღვანელობით, ცაულინა მალაზონიასა და მისი რამდენიმე კოლეგის თანაავტორობით შეიქმნა. კრებული არა მხოლოდ ენის შემსწავლელებს, არამედ არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებსაც ძალიან გაუადვილებს საქმეს.
გამოცდები, კონკურსები და მსგავსი გამოწვევები პედაგოგის ინტერესის სფეროა და წარმატებები, რასაც აღწევს, მისთვის დიდი სტიმულია: „არაერთი გამარჯვებაა ჩემს ანგარიშზე როგორც მასწავლებლის, ასევე ჟურნალისტის რანგში. საკუთარი ბლოგით ქვეყანას ჯავახეთის ახალგაზრდები და აქაური ყოფა-ცხოვრების ბევრი ნიუანსი გავაცანი. 2019 წელს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ყველაზე საამაყო გამარჯვება მოვიპოვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ მედია-კონკურსში „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“. პირველი ადგილის ამსახველი სიგელი და პრიზი თვით ევროკავშირის წარმომადგენლობამ გადმომცა“, – ამბობს პედაგოგი, რომელიც მასწავლებლის სახლის ინიციატივითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, სკოლებში წიგნიერების დონის ამაღლების ხელშემწყობი პროგრამის დანერგვაზეც მუშაობს: „ერთია, ის, რომ ადამიანებს გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები იმ სფეროში, რომელშიც ვსაქმიანობთ, მეორეა მენეჯერის მიერ ამ შესაძლებლობების სწორად შეფასება და გამოყენება. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ ჩემი ენერგია და უნარები მნიშვნელოვან საქმეებშია ჩადებული“, – აცხადებს პედაგოგი, თუმცა უამრავ პროექტზე მუშაობის მიუხედავად, მიაჩნია, რომ არის ისეთი ვალდებულებებიც, რომელსაც არცერთი შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს: ეს არის იმ ადამიანის როლში ყოფნა, რომელიც ძალიან სჭირდება ჯავახეთში მცხოვრებ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ყველა ასაკის ადამიანს უცხო გარემოში გზის გასაკვლევად: „ხშირად მიგრძნია, რომ იმ მოსახლეობისთვის, რომლის გვერდითაც ამდენი წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ, მეც და ჩემი ოჯახის წევრები ძალიან დიდი იმედი ვართ. ყოველთვის ვცდილობთ ეს იმედები გავუმართლოთ. უზომოდ დიდ პატივისცემასა და სიყვარულს ვგრძნობთ მათი მხრიდანაც“.
ცაულინა მალაზონია: „სოფელში პირველად რომ მივედი, მხოლოდ ორმა ოჯახმა იცოდა ქართული ენა. ენობრივი ბარიერის გამო განათლების მისაღებად, სამუშაოდ, საყიდლებისა თუ ექიმთან ვიზიტისთვის მათი არჩევანი მეზობელი ქვეყნები იყო, მაგრამ ნელ-ნელა მომრავლდნენ ქართულ უნივერსიტეტებში ჩვენი აღზრდილები. დღეს პროფესიულ პროგრამებსაც ბევრი ირჩევს და იკვალავს გზას მომავალი ცხოვრებისკენ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ნიჭიერი მოსწავლე გრიგორ პეტროსიანი ზაკიდან, რომელიც ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი გახდა, ლუსინე პეტროსიანი, რომელზედაც პირველი არხის გადაცემის „რეალური სივრცის“ ჯგუფმა ძალიან საინტერესო ფილმი გადაიღო. ისიც მოხდა, რომ ოჯახებიდან, სადაც ორ შვილს სომხეთის უნივერსიტეტში ჰქონდა განათლება მიღებული, მესამემ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აირჩია. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად განსხვავებული დამოკიდებულებებით, როგორი თამამები და თავდაჯერებულები ბრუნდებიან ეს ახალგაზრდები ჯავახეთში“.
საკუთარი მოსწავლეების მონდომებაზე პედაგოგს დაუსრულებლად შეუძლია საუბარი:
„ქართული მაუწყებლობის არქონა ამ თაობისთვის უკვე პრობლემას აღარ ქმნის, ინტერნეტში ეცნობიან იმ სიახლეებს, რაც საქართველოში ხდება. საკუთარი ინიციატივით ინტერნეტიდან სწავლობენ ქართულ სიმღერებს, ცეკვებს, მერე კი კონცერტებს ვმართავთ.
სოფელში ერთ-ერთ ოჯახს, სკოლის დასრულების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად შვილების ერევანში წაყვანა აქვთ განზრახული. დედა ფიქრობს, რომ სოფელში მის შვილებს პერსპექტივა არ აქვთ. ერთხელ მათთან სტუმრობისას მე და მისი მეცხრეკლასელი ნარინე საუბარს შევყევით. ბავშვი ჩქარი ტემპით, ემოციურად მიყვებოდა საკუთარ შთაბეჭდილებებს, ირგვლივ მყოფები საერთოდ დაგვავიწყდა. უეცრად საოცარი სიჩუმე ვიგრძენი, მიმოვიხედე და ჩემი ახალგაზრდა, ლამაზი მასპინძლის გაკვირვებული, ცრემლმორეული მზერა შევნიშნე. მომიბრუნდა და მითხრა – აქამდე არასოდეს მომისმენია, ჩემი ქალიშვილი რა კარგად საუბრობს ქართულად, მადლობა თქვენ, დიდი მადლობა! ეს მაგალითი მოვიყვანე იმის ხაზგასასმელად, რა დასკვნაც დიდი ხანია გავაკეთე – შეიძლება ზოგჯერ, მშობლები თავად წყვეტენ შვილების ბედს, ურჩევენ პროფესიას, უგეგმავენ მომავალს, მაგრამ ერთადერთი რამ, რაც დედამიწის ზურგზე ყველა მშობელს აბედნიერებს და გადაწყვეტილებას აცვლევინებს, ეს შვილის წარმატებაა. ნარინე უკვე მეთორმეტე კლასშია და დარწმუნებული ვარ მისი მომავალი აქ, თავის საყვარელ საქართველოშია.
ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ადამიანებს სწავლის მოტივაცია გავუჩინე, ენის შესწავლა დამქანცველი რუტინიდან სახალისო საქმედ და ურთიერთობის, მეგობრობის იარაღად ვაქციე. სკოლის დამთავრების შემდეგ აქეთ-იქით მიმოფანტული ჩემი მოსწავლეები ერთ დღესაც თავს იყრიან, სკოლაში მოდიან, მერხებთან სხდებიან და უკვე სხვა ცხოვრებაგამოვლილები საკუთარ ისტორიებს მიყვებიან.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს საქმიანობას, ჩემს პროფესიას ქვეყნისთვის მოაქვს, ეს არის ათობით უნიჭიერესი, სამშობლოს სიყვარულით გულგამთბარი ახალგაზრდა, რომლებიც მე საქართველოს, როგორც მოქალაქეები შევუნარჩუნე...“