„ჩემთვის დიდი პატივია, ვასწავლო სახელმწიფო ენა თანამოქალაქეებს“ – აცხადებს ნახიდურის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი გიორგი ნადირაშვილი, რომლისთვისაც ყოველი გაკვეთილი, ტრენინგი, თანამშრომლებთან ურთიერთობა თუ ახალი გამოწვევა მუდმივი განვითარება და ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
„პირველი ნაბიჯები თბილისის მე-4 საჯარო სკოლაში გადავდგი, სადაც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. შემდეგ გამიჩნდა ინტერესი, ქვეყნის სხვადასხვა კუთხე გამეცნო, გამეფართოებინა თვალსაწიერი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ვაკანსია პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. ეს იყო საოცარი შესაძლებლობა, რომ სურვილი ამესრულებინა. კონკურსის შემდეგ ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლად ამიყვანეს და ამით დაიწყო ჩემი მოგზაურობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ვმუშაობდი ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სხვადასხვა საჯარო სკოლაში და ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვითა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელებით, მიმაჩნია, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღე“, – იხსენებს პედაგოგი, რომელმაც 2016 წელს ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი გამოცდა ჩააბარა და პროექტის, „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ ფარგლებში დღემდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელია.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვასწავლო სახელმწიფო ენა თანამოქალაქეებს. გარდა ფორმალური სასწავლო პროცესისა, აქტიურად ვართ ჩართული არაფორმალურ განათლებაშიც, ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, სადაც მოსწავლეებთან ერთად სასკოლო საზოგადოების აქტიურობაც მაღალია. ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება როგორც სწავლა-სწავლების პროცესზე, ასევე, სასკოლო გარემოზე. ჩართული ვიყავით პროექტში „კინო სკოლაში“, რომლის ფარგლებშიც ვაწყობდით ფილმების ჩვენებასა და მის ქართულ ენაზე განხილვას. 2017 წელს ჩვენს მოსწავლესა და კინოკლუბელს ერთ-ერთი საუკეთესო რეცენზიისთვის ჯილდო გადაეცა. ამასთანავე, ვატარებდი თავისუფალ გაკვეთილებს ეკოტურიზმზე, ბუნებრივ რესურსებსა და მათ მნიშვნელობაზე.
2019 წელს მოსწავლეების ჯგუფთან ერთად განვახორციელეთ პროექტი „სუფთა ნახიდური“, რომელსაც ორგანიზაცია ,,Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო“ კურირებდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სოფლის მოსახლეობა ჩაერთო. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ცვლილებები, რაც პოზიტიურად აისახება გარემოზე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში“, – აცხადებს პედაგოგი, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ენის სწავლისას სამოქალაქო ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩართო:
„2020 წელს მოსწავლეების ჯგუფთან მონაწილეობა მივიღეთ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის „ქალი და სამყარო“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ნუ დაწვავ ფოთოლს - გამოიყენე სასარგებლოდ“, მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორგოლი ქართულ ენაზე, ქართული ტიტრებით. ამ ვიდეორგოლმა კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. საამაყოა, რომ გამარჯვებულ სამეულში ნახიდურის საჯარო სკოლა ერთადერთი არაქართულენოვანი სკოლა იყო“, – ამბობს პედაგოგი, რომელმაც 2021 წელს კოლეგებთან, დირექციასთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობით შექმნილ სკოლის საინიციატივო ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ იდეების კონკურსში. პროექტით „მულტიფუნქციური სკვერი“ მათ გამარჯვება მოიპოვეს. პროექტი კი გულისხმობს სკოლის ეზოში გარე სასწავლო სივრცის მოწყობას – გადახურულ ტერიტორიას მაგიდებითა და სკამებით, სადაც როგორც არაფორმალური, ასევე ფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართება.
გიორგი ნადირაშვილი პერიოდულად ადგილობრივ პედაგოგებს ეხმარება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკის ან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისთვის, ის მოსამზადებელ ტრენინგებს ატარებს, რაც მასწავლებლებს პროფესიულ ზრდასა თუ სტატუსის ამაღლებაში ეხმარება.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, პედაგოგი ფიქრობს, რომ გარკვეულ სირთულეებთან ერთად დისტანციურმა სწავლებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა – „ონლაინსწავლებამ მოგვცა საშუალება მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსის მარტივად გამოყენებისა. თუ პირისპირ სწავლებისას ასეთი რესურსების შეტანა კლასში პროექტორსა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას საჭიროებს, დისტანციურ რეჟიმში ძალიან მოსახერხებელია, გამოიყენო სხვადასხვა აუდიო-ვიზუალური მასალა, შექმნა დავალებები და თამაშები სხვადასხვა პროგრამაში, რაც ამრავალფეროვნებს და სახალისოს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს“.
პედაგოგის აზრით, პროექტი „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ ძალიან დიდი სიკეთის მომტანია, რადგან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი მისაღებ გამოცდებს ქართულ უნივერსიტეტში აბარებს, რაც მეტად მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა. ამასთანავე, ყალიბდება თანამშრომლობითი ურთიერთობები სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შორის.
„ქართული ენის სწავლა-სწავლების მიზანი მოსწავლეთათვის არა მხოლოდ წარმატებული კომუნიკაციისა და სხვადასხვა კონტექსტში ქართული ენის ფუნქციურად გამოყენების უნარის განვითარება, არამედ სხვა კულტურათა დაფასებისა და პატივისცემის უნარის განვითარება, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში მოსწავლის სრულფასოვანი ინტეგრირების ხელშეწყობაცაა. მიხარია, რომ ამ პროცესის რიგითი მონაწილე მეც ვარ. ასე გუნდურად, ერთმანეთის გვერდით დგომით ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს.
მასწავლებლობა მუდმივი განვითარებაა. ყოველი გაკვეთილი, ტრენინგი, პროექტი, თანამშრომლობითი ურთიერთობები, თუ ახალი გამოწვევა – ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ამ გზაზე, რაც გაძლევს შესაძლებლობას, შეადარო შენი დღევანდელი „მე“ გუშინდელს. ყველაზე დიდი ჯილდო კი მოსწავლეთა თვალებში დანახული სითბო და ღიმილია“.