ქეთევან გაგოშიძემ სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო. წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მათი მშობლების სხვადასხვა საჭიროებაზე, რამაც ძალიან დააინტერესა და გადაწყვიტა, სპეციალური მასწავლებელი გამხდარიყო.
„ვხედავდი, რომ ხშირად მოსწავლის სუსტ მხარეზე ამახვილებდნენ ყურადღებას. უიმედობა, უარყოფითი მოლოდინები, როგორც მასწავლებლების, ასევე, მშობლების მხრიდან აფერხებდა ბავშვის შესაძლებლობების წარმოჩენას, მის განვითარებას. ეს კი, თავისთავად, მათ სკოლიდან გარიყვას, საკუთარ თავში ჩაკეტვას, სოციუმიდან იზოლაციას იწვევს.
დავინახე საჭიროება, რომ სწორედ ამ კუთხით მემუშავა, დავხმარებოდი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ინკლუზიური განათლების არსიც ხომ ესაა – უკლებლივ ყველა ბავშვის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, მათი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია. ამისათვის კი ჩვენ უნდა მოვერგოთ ნებისმიერი საჭიროების მოსწავლეს“.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო ბავშვებთან მუშაობა დიდი სიამოვნება და, ამავდროულად, დიდი გამოწვევაცაა. „უზომოდ მახარებს მათი ყოველი წინსვლა, შედეგი. არის შემთხვევები, როდესაც სირთულეს ვაწყდები, რაღაც არ გამოდის ისე, როგორც მინდა. ვფიქრობ, როგორ შევცვალო, რა გავაკეთო. მათთან მუშაობით მეც ვვითარდები, ბევრ რამეს მეც ვსწავლობ, ვიგონებ, ვეძებ, ვქმნი ახალ რესურსებს.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ინკლუზიური განათლება ყველაზე ჰუმანური მიდგომაა განათლების სისტემაში. დავრწმუნდი, რომ ბევრი რამის სწავლა შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. მთავარია, მოვინდომოთ, ჩავწვდეთ მის სამყაროს; მივიღოთ ის ისეთი, როგორიცაა“.
ქეთევან გაგოშიძის აზრით, სკოლაში კარგად დაგეგმილი ინკლუზიური გარემო მოსწავლეს ეხმარება თვითრეალიზაციაში და ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებაში, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებასთან სრულყოფილად ინტეგრაციისთვის.
„ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ რამდენიმე წლის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგების ინიციატივით იდგმებოდა სპექტაკლები შშმ და სსსმ მოსწავლეების ჩართულობით. ჩემი რამდენიმე მოსწავლეც აქტიურად მონაწილეობდა სპექტაკლში. ასევე მოვაწყეთ მათი ნახატების გამოფენა სკოლის სივრცეში. არ დამავიწყდება მასწავლებლებისა და მშობლების გაოცება, როდესაც ამ ბავშვების დაფარული და აქამდე უცნობი შესაძლებლობები დაინახეს“.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს დისტანციური სწავლების დროს გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთ მოსწავლეს, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, არ შეეძლო ონლაინ რეჟიმში სრულყოფილი ჩართვა. თუმცა ამან პედაგოგი არ შეაფერხა და კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხებს მიმართა: „აქტიურად ვთანამშრომლობდი მშობლებთან, ვაწვდიდი სახლში სამუშაო მასალასა და რესურსს. მათთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, რადგან მეტწილად მშობლებს უწევდათ მუშაობა თავიანთ შვილებთან და საჭიროებდნენ დეტალურ ინსტრუქციას.“
ქეთევან გაგოშიძე აღნიშნავს, რომ პედაგოგის პროფესია მისთვის ერთგულება, ემპათია, პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და ცოდნის მუდმივი გაღრმავების საჭიროებაა.
„არ არსებობს ორი ერთნაირი შესაძლებლობის მქონე მოსწავლე. აქედან გამომდინარე, თითოეული დიფერენცირებულ მიდგომას, დიდ ნებისყოფასა და მოთმინებას მოითხოვს. მასწავლებელი კი მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობასა და პროფესიულ წინსვლას საჭიროებს“, – აცხადებს ქეთევან გაგოშიძე.