„ქართული ენის მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ვინაიდან ეს ოცნება ამიხდა, ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ ჩემს მოსწავლეებსაც ისე შევაყვარო სახელმწიფო ენა, როგორც მე მიყვარს“, – აცხადებს თამარ დევდარიანი, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე წელს სამედიცინო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. პედაგოგს ეამაყება, რომ ქართული ენის ასეთი სწავლებისთვის სულ ახლახან სამედიცინო უნივერსიტეტიდან მადლობის წერილი მიიღო: „ჩემთვის ამაზე დიდი წარმატება და სიხარული არ არსებობს. ჩემი გულწრფელი სურვილია, მყავდეს ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე და სტუდენტი, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – ამბობს პედაგოგი.
თამარ დევდარიანი „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 9 წელია სამცხე-ჯავახეთში ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ის ჯერ დამხმარე მასწავლებლად სამცხე-ჯავახეთის სოფელ იხტილის, ორი წლის შემდეგ კი, როდესაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში ასწავლის.
„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაზე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში შევიტყვე და მასში მონაწილეობა მტკიცედ გადავწყვიტე. სურვილი იმდენად დიდი იყო, მზად ვიყავი, ყველაზე რთულ და შორეულ რეგიონში მემუშავა და ასეც მოხდა. პირველად ჯავახეთში რომ წავედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც დიდი მისია დამეკისრა. თუმცა მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ იქ ოჯახსაც შევქმნიდი და ამ რეგიონს ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ დავუკავშირებდი. აქ მუშაობის ცხრა წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე, რისთვისაც ამ პროგრამის მადლიერი ვარ. ერთ-ერთი წარმატება იყო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, შემდეგ ტრენერობა ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ბოლოს კი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების პედაგოგობა. როგორც ხედავთ, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი და წარმატება ქართული ენის სწავლებას უკავშირდება, ეს გახლავთ უმთავრესი მიზანი, რომელსაც მთელი გულით, სულითა და ენთუზიაზმით ვემსახურები. ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ შედეგიანად, გულიანად ვიმუშაო ჩემს მოსწავლეებთან და მათაც ისე შევაყვარო სახელმწიფო ენა, როგორც მე მიყვარს. მათთვისაც ისეთივე წარმატების მომტანი გახდეს, როგორიც ჩემთვის“, – აცხადებს პედაგოგი და ხაზს უსვამს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა პროგრამის მიზანმა მოახდინა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ემსახურებოდა; ამასთანავე, პროგრამა შესაძლებლობას აძლევდა, განსხვავებული რეგიონის, განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ადამიანებთან ემუშავა.
„ჩემი მშობლიური კუთხის, ლენტეხის სოფელ შკედის ტრადიციები, ყოფა და კულტურა რადიკალურად განსხვავდება აქაურისაგან. ამიტომ ძალიან ბევრი რამის სწავლა, გაგება და გადაფასება მომიხდა. იყო ბევრი სირთულეც, თუმცა როდესაც გულით აკეთებ, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება სწორედ ამ სირთულეების გადალახვა მგონია. ჩემს მოსწავლეებს ვარწმუნებ, რომ შეუძლებელი არაფერია. ამის საილუსტრაციოდ პირად გამოცდილებას ვუზიარებ. მიმაჩნია, რომ ყველა პედაგოგის უმთავრესი და უპირველესი მოვალეობაა, მოსწავლეებს საკუთარი თავის მიმართ რწმენა და ნდობა ჩამოუყალიბოს, რათა სირთულეებს ადვილად გაუმკლავდნენ“.
თამარ დევდარიანი მიიჩნევს, რომ დღეს ენის ფლობისა და ინტეგრაციის კუთხით მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია, მაგრამ დაბრკოლებად რჩება ის ფაქტი, რომ მოსწავლეებისათვის ქართულ ენაზე კომუნიკაცია მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით შემოიფარგლება.
„პროგრამის პედაგოგები მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა და ამა თუ იმ აქტივობებში ჩავრთოთ. შედეგად, მათი ინტერესთა არეალი ძალიან იზრდება. მოსწავლეების, კოლეგების, მშობლებისა და თემის წარმომადგენელთა ჩვენდამი დამოკიდებულების გათვალისწინებით, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი პროგრამა და მისი თითოეული წარმომადგენელი რეგიონში უდიდეს, უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებს. ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, რომ პროგრამის არსებობის განმავლობაში ძალიან გაიზარდა არაქართულენოვანი სტუდენტების რაოდენობა ქართულ უნივერსიტეტებში. ბევრი მათგანი წარჩინებული და წარმატებულია. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი რეგიონს უბრუნდებიან და ასევე წარმატებით აგრძელებენ პროფესიულ მოღვაწეობას“.
თამარ დევდარიანი ამბობს, რომ ის მუდამ ინტერესდება იმით, თუ როგორ გრძელდება მისი მოსწავლეების ცხოვრება სკოლის დამთავრების შემდეგ და თითოეული მათგანის წარმატება ძალიან ახარებს – „მიმაჩნია, რომ ეს ჩემი წარმატებაცაა!“