საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით აგრარულ სექტორში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელში ჩართული ბიზნესებისთვის შეგირდი სტუდენტების ყოლასთან დაკავშირებული ხარჯები და სარგებელი. კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, კერძო სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კვლევის ფარგლებში პროფესიული პროგრამების დუალური მიდგომით განმახორციელებელი ბიზნესების ხარჯსარგებლიანობა გაანალიზდა, როგორც ზოგად ჭრილში, ასევე სექტორულ დონეზე. კვლევამ შეაფასა კერძო სექტორის მხრიდან სტუდენტების სამუშაო პრაქტიკაში ჩართვის პროცესში გაწეული დანახარჯები და მიღებული სარგებელი.
კვლევის პროცესში გამოიკითხა კერძო სექტორის ის კომპანიები (მეფუტკრეობა, მებაღეობა, მეხილეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, ხორც-პროდუქტების წარმოება და ა.შ.), სადაც სტუდენტები სამუშაო პრაქტიკას გადიან. გამოვლინდა ხარჯები, რასაც გასწევს აგრობიზნესი თითოეულ სტუდენტზე და ის შედარდა იმ სარგებელთან, რომელსაც აგრობიზნესები სტუდენტების შრომის სახით იღებენ. ამის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება სამუშაოზე დაფუძნებული მოდელის გაუმჯობესება და კერძო სექტორისთვის დამატებითი მასტიმულირებელი მექანიზმების შექმნა, რათა მოხდეს ამ მოდელის მდგრადობის უზრუნველყოფა.
კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სარგებლიანობა ისეთ სპეციფიურ სექტორშიც კი, როგორიც არის სოფლის მეურნეობა. კვლევის შედეგები ჩართულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო პოპულარული გახადონ პროფესიული განათლება. ასევე, დაეხმარება ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩაერთონ დუალური პროგრამების განხორციელებაში და გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი საკუთარ კომპანიებში.
კვლევა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მეთოდოლოგია ადგილობრივ პირობებზე მორგებით დაეფუძნა საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის, ევროპული განათლების ფონდის (ETF) მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას.
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელი საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს განათლებისა და სამინისტროს მხარდაჭერით 2016 წლიდან ხორციელდება. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია და სასწავლო დაწესებულებაში თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად კერძო სექტორში პრაქტიკულ საქმიანობას გულისხმობს.