საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიულ განათლებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერას აგრძელებს და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო გრანტს – 24 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს ფაქტი საქართველოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების დროს იქნა მიღებული, სადაც მხარეებმა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სხვა მიმართულებებთან ერთად პროფესიული განათლების განვითარების საკითხები და პარტნიორობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
გერმანიის მხრიდან ხაზგასმით დადებითად შეფასდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევა პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზების მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კერძო სექტორთან ერთად პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნებაზე. კერძო-საჯარო პარტნიორობა ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება.
მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც პროფესიულ განათლების კუთხით სამინისტრომ უკვე გადადგა, მათ შორის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმის დანერგვა, კვალიფიკაციების განახლების მეთოდოლოგიური გზამკვლევის შექმნა და სხვა.
სამთავრო მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან კი, სამუშაო შეხვედრებში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.