პროფესიით მათემატიკოსმა ნინო ალანიამ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი წელს მიიღო და ზუგდიდის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლაში მუშაობა სპეციალურ მასწავლებლად გააგრძელა. ნინო 2014 წლიდან არის ჩართული ინკლუზიურ განათლებაში და ცდილობს, ცოდნა და გამოცდილება გაიღრმაოს როგორც სპეციალურმა მასწავლებელმა. სსსმ მოსწავლეებზე ზრუნვა ყოველთვის იზიდავდა, ამიტომაც გადაწყვიტა მეტი ესწავლა ამ მიმართულებით.
ნინო ალანიას თქმით, თავდაპირველად ინკლუზიური განათლების სფეროში სასკოლო საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალი იყო, თუმცა მასწავლებლების აქტიურმა გადამზადებამ შედეგი გამოიღო და შეიცვალა საკითხის მიმართ დამოკიდებულება როგორც პედაგოგების, ასევე მშობლების მხრიდან.
„სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი. მაშინ ჩვენ, სპეციალურ პედაგოგებს, მასწავლებლის სტატუსი არ გვქონდა, დამხმარე პედაგოგებს გვეძახდნენ. სკოლაში ინკლუზიური განათლების პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი იყო სსსმ მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულებების შეცვლა, მასწავლებლის, მშობლის, დირექციის როლის განსაზღვრა ამ პროცესში. იმის გამო, რომ ცნობიერება დაბალი იყო და არ იცოდნენ ჩვენი ძირითადი ფუნქცია, რთული იყო თავის დამკვიდრება, თუმცა პოზიტიური კომუნიკაციის საფუძველზე მოვიპოვეთ ნდობა სასკოლო საზოგადოების მხრიდან,“–აცხადებს სპეციალური მასწავლებელი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 2021 წელს კი კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ, რის შემდეგაც სტატუსის შესაბამის დანამატს იღებენ.
ნინო ალანია საგაკვეთილო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს სკოლის რესურს ოთახში ატარებს, სადაც მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან თვალსაჩინო მასალებს ამზადებს და თვლის, რომ მოსწავლის მიერ რესურს ოთახში შეძენილი უნარები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკლასო ოთახში საგაკვეთილო პროცესზე.
„მშობლებთან შეთანხმებით, რესურს ოთახში მეცადინეობის დროს ჩემი გაკვეთილების ვიდეოს ვიღებ, შემდეგ სახლში ვუყურებ, ვუსმენ, ვცდილობ ხარვეზები გამოვასწორო, უკეთესი გაკვეთილი დავგეგმო, მეთოდები და მიდგომები შევცვალო. ამ ვიდეოებს მშობელსაც ვუზიარებ, ისიც კმაყოფილია, ხედავს როგორ მუშაობს თავისი შვილი, როგორი პროგრესი აქვს. ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა კიდეც, რომ ეს ვიდეოები ეხმარება შვილის სახლში მეცადინეობაში. ზოგადად, ყოველთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობ მშობელთან და ვაძლევ რეკომენდაციებს, სახლში მუშაობის ინსტრუქციას“, – აცხადებს ნინო ალანია.
პედაგოგის თქმით, ონლაინ სწავლების დროს დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რადგან გაუჭირდა სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების დისტანციურად გამოყენება, თუმცა მშობლების დახმარებით სირთულეები გადალახა.
„ონლაინ სწავლებაში მოსწავლეების ნაწილი კარგად ერთვებოდა, უსმენდა გაკვეთილს, ესწრებოდა დამატებით მეცადინეობას, ასრულებდა დავალებებს, მაგრამ ამას ყველა ერთნაირად კარგად ვერ ახერხებდა. მაგალითად, როცა მოსწავლეს აქვს რთული ქცევა და ჰიპერაქტიურია, ან აქვს ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, სკოლაში ჰყავს დამხმარე ასისტენტი, რომელიც ეხმარება საგაკვეთილო პროცესში. დისტანციურად კი სწავლების პროცესის მართვა ძნელდება. ამიტომაც გვიწევდა მშობლის ჩართვა, რათა დახმარებოდა თავის შვილს. მიწევდა სხვადასხვა აქტივობების მომზადება (ხატვა, გაფერადება, ილუსტრაციების, ბარათების შექმნა), სამუშაო მასალას ვაწვდიდი მშობელს, შემდეგ ვითხოვდი უკუკავშირს“, – აცხადებს პედაგოგი.
ნინო ალანია თვლის, რომ ყველა მასწავლებლისთვის სწავლება არა მარტო სამუშაო, არამედ ცხოვრების სტილი უნდა იყოს, კოლეგა პედაგოგებს კი ურჩევს, გამოიჩინონ მოთმინება, სჯეროდეთ ცვლილებების და შედეგიც აუცილებლად დადგება.
„მიყვარს ეს პროფესია. უნდა იყო კრეატიული, გამომგონებელი, მუდმივად სიახლეების ძიებაში, სწავლების არსს უნდა ჩაწვდე და შემოქმედებითად მიუდგე მას. უნდა გჯეროდეს ცვლილებების, გქონდეს ნებისყოფა, ბევრი უნდა იმუშაო შედეგის მისაღწევად. რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს ბავშვები და გჯეროდეს მათი. ვცდილობ ბავშვებისთვის ყოველი დღე უფრო საინტერესო იყოს, სულ იმაზე ვფიქრობ, ახალი რა შევთავაზო. ყველა მოსწავლეში არის ძლიერი მხარეები, რომელთაც უნდა ჩაწვდე და კიდევ უფრო განავითარო“, – განაცხადა ნინო ალანიამ.