„შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს“, – აცხადებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლალი დალაქიშვილი, რომლის პედაგოგიური მოღვაწეობა თითქმის 40 წელს ითვლის. უფროსი მასწავლებლობიდან მენტორობამდე განვლილ გრძელ გზაზე პედაგოგმა არაერთ წარმატებას მიაღწია – 2018 წელს ის საუკეთესო მასწავლებელთა ათეულის წევრი, ხოლო 2019 წელს – ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ლალი დალაქიშვილი თითქმის 10 წელია ასწავლის, სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ენის სწავლების კუთხით განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. ფაქტობრივად, ის და მისი მეგობრები ის პირველი ტრენერები არიან, რომლებმაც არაქართულენოვან სკოლებში პედაგოგთა გადამზადება დაიწყეს.
მოგვიანებით ლალი დალაქიშვილის გამოცდილებას კიდევ ერთი, ბილინგვური მიმართულება დაემატა და მოხარულია, რომ ყველა იმ სიახლის მონაწილეა, რომელიც მულტილინგვური განათლების მიმართულებით განხორციელდა.
„სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირველად სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში რომ მივედი, ძალიან შემეშინდა. იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო... უცხოენოვანი გარემო, ბავშვები, რომელთა ენაც არ ვიცოდი. შევძლებ? – ვეკითხებოდი ჩემს თავს. თუ ვერ შევძლებ, წამოვალ – ასე ვფიქრობდი. პირველივე დღეებში მივხვდი, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევდა, მაგრამ მოსწავლეთა თვალებში დანახულმა სხივმა მაგრძნობინა, რომ მათ ძალიან ვჭირდებოდი. მათთვის ვიყავი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ენა კი არა, სხვა ცხოვრებაც უნდა მეჩვენებინა, მესწავლებინა, როგორ დაემკვიდრებინათ ადგილი იმ გარემოში, რომელიც მათთვის უცხო იყო.
მახსოვს, ერთმა მოსწავლემ მითხრა: სხვანაირ ქართულს გვასწავლი, ჩვენ ლაპარაკი გვინდაო. მახარებს, რომ იმავე მოსწავლემ ჩემი დაჟინებული ხელშეწყობით უნივერსიტეტის კარი შეაღო და მადლობა გადამიხადა იმის სწავლებისათვის, რაც მას ცხოვრებისთვის ნამდვილად სჭირდებოდა. სწორედ ასეთი მიდგომებით წამოვიდა ნდობა, რაც აისახა არა მხოლოდ ენის შესწავლის დიდ სურვილში, არამედ ისეთ არაფორმალურ აქტივობებში, როგორებიცაა სამოქალაქო განათლების კლუბი, თეატრის მოყვარულთა სპექტაკლები, კალიგრაფიის, წიგნის მოყვარულთა და სხვა კონკურსები. ეს ყველაფერი კი ჩვენი სასკოლო ცხოვრების ჩვეულებრივ ამბად იქცა“, – ამბობს ლალი დალაქიშვილი და ხაზს უსვამს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. სწორედ ესაა სფერო, რომელიც მუდმივ ძიებას ითხოვს და ამიტომ მუდამ ცდილობს რაღაც ახალი, უფრო ეფექტური შესთავაზოს მოსწავლეებს.
მენტორი პედაგოგი ასევე აქტიურად ეხმარება კოლეგებს, მათი წარმატება ძალიან ახარებს: „ბოლო წლებია პროგრამის პედაგოგთა ჯგუფთან ერთად არაერთი წამოწყების მონაწილე გავხდი: შევადგინეთ მასწავლებელთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-მოდულები, შევიმუშავეთ დამხმარე სახელმძღვანელო ენის შემსწავლელთათვის, ვმუშაობთ წიგნიერების მიმართულების პროგრამაზე“, – ამბობს პედაგოგი.
ლალი დალაქიშვილი, რომელიც სკოლის გარეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბოლნისის ენის სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა, არაერთ პროექტში მონაწილეობს. ერთ-ერთია ტრანსსასაზღვრო პროექტი „ზღაპრები გვასწავლიან ნდობას“. როგორც ინტერკულტურული მიმართულების ტრენერს, მას სხვადასხვა ეფექტური თამაშების მოფიქრება და სომეხი კოლეგებისათვის გაზიარება მოუწია. სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით გამოიცა მეთოდური კრებული მასწავლებელთა დასახმარებლად. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის პედაგოგთა საჭიროებებიდან გამომდინარე ტარდება ტრენინგებიც.
როგორც მიწვეული ტრენერი, ლალი დალაქიშვილი ქართულის, როგორც მეორე ენის მიმართულებით განათლების პროფკავშირული ორგანიზაციის სახელით ტრენინგებსაც უძღვება:
„გაჩერება არ მჩვევია, ვცდილობ სწავლების მეთოდები კიდევ უფრო დავხვეწო: მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე შევქმენი რამდენიმე სასწავლო მეთოდი, რამაც საერთაშორისო კონფერენციაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მეთოდები სკოლაშიც ეფექტური აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, მოსწავლეებს სიახლეები ძალიან უყვართ. ამ ფაქტორმა კი მიბიძგა კეთებით სწავლის ელემენტები გამეაქტიურებინა. ჩემი ხელნაკეთი ნივთები, რომლის დამზადებაც მეხერხება, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა მოსწავლეებში. ამიტომ მათაც შევთავაზე, ერთად დაგვემზადებინა სხვადასხვა სუვენირი. რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან ერთოდა ენის სწავლება. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ იმ მოსწავლეთა ინტერესიც ძალიან გაიზარდა, ვინც მანამდე შორიდან უყურებდა პროცესებს. შემდეგ მოვაწყვეთ გამოფენა/გაყიდვა და თანხა საქველმოქმედო ფონდს გადავურიცხეთ. ვესტუმრეთ მოხუცთა სახლებსაც და ჩვენი კულტურული პროგრამა წარვუდგინეთ. ეს ყველაფერი სწორედ ჩემი მოსწავლეების ენობრივი კომპეტენციის გაზრდისაკენაა მიმართული. ამავდროულად, ამ ჟესტით მინდოდა მათში ემპათიის განცდა გამეღვივებინა. მოსწავლეები დღესაც ითხოვენ მსგავს აქტივობებს, რაც ცხადია, ჩანაფიქრის გამართლებაზე მეტყველებს.
პედაგოგი ფიქრობს, რომ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების საჭიროება კარგა ხანია წამოიჭრა, მაგრამ პანდემიამ აჩვენა, რომ ამ კუთხით აქტიურობა უმნიშვნელოვანესია:
„ინტერნეტრესურსებს ყოველთვის ვიყენებდი და ამ კუთხით მოსწავლეებსაც ვაძლევდი საჭირო ცოდნას, მაგრამ Microsoft Teams ნამდვილად სიახლე იყო. სიტუაციამ წარმოაჩინა ბევრი წინააღმდეგობაც. მაგალითად, მშობლების არ ჰქონდათ გააზრებული თავიანთი როლი დისტანციური სწავლების დროს. ეს ფაქტორიც დავძლიეთ. ჩვენ ხომ ყველა ერთად გავდივართ სიახლეების გზას.
ბოლოს დავძენ, რომ შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ყოველწლიურად იზრდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც სტუდენტობას ეზიარა, მათთან მუდმივი კავშირი მაქვს და კვლავაც ვეხმარები ახალ გარემოსთან შეგუებაში. მახარებს, რომ მყავს წარმატებული ყოფილი მოსწავლეები, მათ შორის, ბევრი გოგონა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. ჩემი მოსწავლეების სითბოთი და მადლიერებით სავსე წერილებს საგანძურივით ვუფრთხილდები, ამით ვრწმუნდები, რომ პროექტი უზარმაზარ საქმეს აკეთებს“.