10.11.2021
საქართველოს მეცნიერების
პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის
„მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრი აცხადებს ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება უცხოენოვან
ვიკიპედიაში“.
კონკურსის მიზანია, „მეცნიერების
კალენდარი 2021“-ს ფარგლებში განხორციელებული ვიკი კონკურსების შედეგად შექმნილი,
სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალების თარგმნის გზით, საქართველოს სამეცნიერო
დარგების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, მათი მიღწევებისა და საქართველოს მეცნიერების
თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის
ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. ამასთან, კონკურსი ხელს შეუწყობს საქართველოს მეცნიერების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში
ცნობიერების ამაღლებას.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია: თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება 1 გამარჯვებული სტატია, ჯამში -
5 გამარჯვებული თარგმანი, რომელთა ავტორებსაც გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო
500 ლარის ოდენობით.
მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო
განაცხადები მიიღება 2021 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრის 18:00
საათამდე. გამარჯვებული მონაწილეები 2021 წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.
კონკურსის
პირობები
- კონკურსში მონაწილეობის მიღება
შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ვიკიპედიის პლატფორმაზე წვდომისთვის
საჭირო მონაცემები.
- საკონკურსოდ წარმოდგენილი არსებული
სტატიის ინგლისური თარგმანი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის კრიტერიუმებს.
- საკონკურსო თარგმანებს ღია კონკურსის
წესით განიხილავს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია.
- კონკურსანტი დარეგისტრირებული
უნდა იყოს ვიკიპედიაში.
- ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს
მხოლოდ ერთი ანგარიშით.
- მონაწილეს ანგარიშზე მიბმული
უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
საკონკურსოდ წარმოდგენილი თარგმანი უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ მოთხოვნებს:
- თარგმანი უნდა წარმოადგენდეს
ვიკი კონკურსების - „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ და „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“
- ფარგლებში შექმნილი სტატიების ინგლისურენოვან თარგმანს (იხ.
სათარგმნი სტატიების სრული სია).
- კონკურსის ფარგლებში შექმნილი
ახალი ან გაუმჯობესებული თარგმანი შექმნილი / გაუმჯობესებული უნდა იყოს კონკურსანტის
მიერ 2021 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათამდე პერიოდში.
- თარგმანის მოცულობა უნდა იყოს
სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
- თარგმანი უნდა აკმაყოფილებდეს
ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
- საკონკურსო მასალა უნდა იყოს
არსებული ქართული წყაროს ზუსტი ინგლისურენოვანი თარგმანი, თარგმანს მითითებული უნდა
ჰქონდეს სათანადო აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები
გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროთი.
- საკონკურსო მასალა არ უნდა იყოს
მანქანური თარგმანი და დაწერილი უნდა იყოს სტილისტურად გამართული ენით.
- თარგმანი უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში
ვიკიპედიის წესებთან (ვიკიფიცირება, წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა
და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება).
- სტატიის თარგმანს არ უნდა ჰქონდეს
მთლიანად სიის, ან ჩამონათვალის სახე.
- სტატიის თარგმანი უნდა იყოს ინფორმაციული.
- დაუშვებელია პლაგიატი – თარგმანი
სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ქართულენოვან წყაროსთან, შინაარსობრივად და სტილისტურად.
- აკრძალულია ორზე მეტ სტატიაში
თარგის – მუშავდება – გამოყენება.
- კონკურსში არ დაიშვება პროექტები,
რომლებიც არ შეესაბამება კონკურსების მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს
ყალბ ინფორმაციას.
- ზემოთ მითითებული კრიტერიუმების
თანახმად დაითვლება მხოლოდ მომხმარებლის მიერ კონკურსის ფარგლებში შეტანილი წვლილი.
შესაბამისად, იგივე ვრცელდება მოქმედებს გაუმჯობესებული სტატიების თარგმანებზეც.
საკონკურსო
განაცხადების შეფასება
- საბოლოო გადაწყვეტილებას ამა
თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ იღებს საკონკურსო კომისია.
- საკონკურსო კომისია აფასებს თითოეულ
ნამუშევარს ზემოთ წარმოდგენილი საკონკურსო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით.
- კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა
და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
- კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში
მონაწილეობა კონკრეტულ მომხმარებელს ე.წ. „სამართლიანი თამაშის“ წესების დარღვევის
გამო, რაშიც იგულისხმება 24-საათის განმავლობაში მომხმარებლის მიერ იმაზე ბევრად მეტი
სტატიის შექმნა, რაც შეუძლებელია გონივრულ დროში (განსაკუთრებით ბოლო ერთი დღის განმავლობაში,
კონკურსის დასკვნით ეტაპზე). კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა იმ
მომხმარებელს, რომელიც წინასწარ გამზადებულ სტატიებს მასობრივად ატვირთავს. კომისიას,
ასევე უფლება აქვს, კონკურსში მონაწილეობა აუკრძალოს კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ
ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, კომისიის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სამართლიანი
თამაშის წესს.
ნომინაციები
კონკურსი ითვალისწინებს
საქართველოს მეცნიერების თემაზე შექმნილი, ან გაუმჯობესებული საუკეთესო ვიკი სტატიების
გამოვლენასა და გამარჯვებულთა დაჯილდოებას, შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- კონკურსის ფარგლებში ქართველოლოგიის დარგებისა
და მათი მიღწევების შესახებ შექმნილი / გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი
თარგმანი.
- კონკურსის ფარგლებში ქართველოლოგი მეცნიერის
შესახებ შექმნილი / გაუმჯობესებული სტატიის
საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.
- კონკურსის ფარგლებში ქართული ხელნაწერ(ებ)ის
შესახებ შექმნილი / გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.
- კონკურსის ფარგლებში საქართველოს სამეცნიერო
დარგების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და მათი მიღწევების შესახებ შექმნილი /გაუმჯობესებული სტატიის
საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.
- კონკურსის ფარგლებში საქართველოს მეცნიერების
თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ შექმნილი / გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი
თარგმანი.
კონკურსის შეფასების
სქემა იხილეთ აქ.
კონკურსთან დაკავშირებული
საკითხების დასაზუსტებლად და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრს. ელფოსტა: exb.edu@manuscript.ac.ge
საკონტაქტო
პირები:
- ნესტან ბაგაური (ტელ. 599 899 635)
- მანანა ღვინერია (ტელ. 555 409 088)