სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს იზა გვირჯიშვილი თითქმის 10 წელია ქართულ ენას ასწავლის. არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროექტში იმ პერიოდიდან მონაწილეობს, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვან სკოლებში გასაგზავნად ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო. 2016 წელს უფროსი მასწავლებელი გახდა, იმავე წელს მას წლის მასწავლებლის ტიტული მიენიჭა, ხოლო 2018 წლიდან წამყვანის სტატუსი. როგორც ტრენერ-კონსულტანტი, იზა გვირჯიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვის პროცესშიც იყო ჩართული.
„სკოლას ჩემი ცხოვრება ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან დავუკავშირე და დღემდე იქ ვარ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხვისთანავე მუშაობა ჩემს მშობლიურ, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დავიწყე. ასე ერთდროულად გავიზარდე უნივერსიტეტსა და სკოლაში, როგორც პიროვნება და როგორც პედაგოგი და ასე გავიარე მასწავლებლის საინტერესო, ძიებით სავსე რთული გზის დიდი ნაწილი. ჩემი, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთი ნაწილი სწორედ მშობლიურ სკოლაში მუშაობის პერიოდს უკავშირდება, სწორედ იქ დავიწყე ახალ გამოწვევებთან შეჭიდება“, – ამბობს იზა გვირჯიშვილი, რომელსაც არაქართულენოვან სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ყველა სირთულე სრულად ჰქონდა გაცნობიერებული.
„სკოლაში მისვლამდე პასუხისმგებლობა აბსოლუტურად გააზრებული მქონდა ყველა მიმართულებით. ვიცოდი, რომ ჩემი ორი ათეული წლის გამოცდილება სულ სხვა რელსებზე უნდა გადამეწყო. მთავარ სირთულედ მაინც ენობრივი ბარიერი მეჩვენებოდა. არც ოჯახიდან შორს ყოფნა ჩანდა იოლი, მაგრამ ახალი მიმართულებით საკუთარი ძალების მოსინჯვის ინტერესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ცხოვრება ძალიან მალე მოექცა ახალ კალაპოტში და, აი, უკვე 10 წელია ერთგულად ვემსახურები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლას, როგორც ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი.
ჩემს ხანგრძლივ პრაქტიკაში იყო სირთულეებიც და წარმატებებიც. 2016 წელს, როდესაც წლის მასწავლებლის ტიტული მომანიჭეს, უზომოდ გამიხარდა, რომ ტიტული წილად ხვდა ჩემს კოლეგას – ქართული ენის ადგილობრივ მასწავლებელს მარინე მინასიანსაც. ადგილობრივ მასწავლებლებთან თანამშრომლობა და მათი კონსულტირება ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ მათი წარმატება გარკვეულწილად ჩვენი წარმატებაცაა. დღეის მდგომარეობით ჩვენს სკოლაში ქართული ენის ყველა მასწავლებელს უფროსის სტატუსი აქვს. პროფესიული ზრდის კუთხით აქტიურობა აშკარად შესამჩნევია, რაც მისასალმებელია და, ცხადია, აუცილებელიც“, – აცხადებს პედაგოგი.
დისტანციურ სწავლებაზე საუბრისას პედაგოგი ამბობს, რომ თავიდან არცთუ ადვილი პერიოდი გაიარეს თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს ყველა გამოწვევა დაძლეულია:
„მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ სულ სხვა დინებით წაიყვანა ცხოვრება. დისტანციური სწავლების ფორმატი ახალი რეალობის ახალი გამოწვევა გახდა. შესაბამისად, პირველი წელი არ იყო ადვილი. თუმცა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რიგი ღონისძიებები მნიშვნელოვნად დაეხმარა მოსწავლეებს, მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში. შედეგად, დღეს ყველა სირთულე დაძლეული გვაქვს. ინტერნეტსივრცეში საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსია ხელმისაწვდომი პედაგოგებისთვის, შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესიც აქტიური და საინტერესოა“.
იზა გვირჯიშვილი მიიჩნევს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაში მუშაობამ უდიდესი ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება შესძინა. კონსულტანტ-მასწავლებელთა მცირე ჯგუფთან ერთად ის ამჟამად არაერთი მეთოდური თუ საგნობრივი მოდულის ავტორია:
„ჩვენს ჯგუფს სამუშაო მიმართულებას აძლევს და კონსულტაციას უტარებს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი და საუკეთესო პროფესიონალი, პროგრამის მენეჯერი ნინო ბერიკაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ნინო შარაშენიძე. ქართული ენის მასწავლებლებისთვის დამხმარე სავარჯიშოების კრებული სწორედ მათი ხელმძღვანელობით გამოვეცით“, – ამბობს პედაგოგი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზეც მეტად საინტერესო პროექტს ახორციელებენ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ასამაღლებლად მოდულს ქმნიან.
„მიყვარს ჩემი საქმე და ერთგულად ვემსახურები ბავშვებს. ვფიქრობ, მასწავლებლობა ნიჭია, რომელსაც აღმოჩენა, გაზრდა და განვითარება სჭირდება. ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს: რა შეცვალა ჩემმა მუშაობამ სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლაში?! უპირველესად ის, სასკოლო სივრცეში ბევრად მეტი ადამიანი მეტყველებს ქართულ ენაზე. მიხარია, რომ ჩვენი სკოლის არაერთი კურსდამთავრებული საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და უკვე კურსდამთავრებულიც არის. მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებში.
ყველა ქვეყნის მსგავსად, ინტელექტუალური რესურსი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ რესურსის გადინების პროცესი შევაჩეროთ. სახელმწიფო საუკეთესო საგანმანათლებლო პაკეტს სთავაზობს ჩვენს არაქართველ თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ სრულად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ქართულ სივრცეში“.