აგროსექტორის მიმართულებით კოვიდპანდემიისგან შექმნილი გამოწვევების გასაანალიზებლად ევროპის განათლების ფონდმა (ETF) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმატებული გამოცდილების მაგალითზე კვლევითი პროექტის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა.
საერთაშორისო ანგარიშის ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიიღო.
საგულისხმოა, რომ პანდემიის შემდეგ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა ბევრმა ბიზნესმა ინკლუზიური უნარების განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების დახმარებით შეძლო გამოწვევების გადალახვა და ახალი შესაძლებლობების შექმნა.
საერთაშორისო ანგარიშში წარმოდგენილია აგრობიზნესის მიმართულებით ციფრული და ელექტრონული კომერციის, ასევე, მწვანე უნარებზე დაყრდნობით ინოვაციური საწარმოების შექმნის საუკეთესო მაგალითები. ანგარიში მიზნად ისახავს აგრობიზნესის მიმართულებით ცოდნის გაზიარებას, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება, უკეთ ადაპტირდნენ კოვიდპანდემიის გამოწვევებთან.
კვლევა მოიცავდა ევროპის განათლების ფონდისა (ETF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხუთ პარტნიორ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, თურქეთს, უზბეკეთს, მაროკოსა და სერბეთს.