განათლებით ისტორიკოსმა ეკატერინე გომართელმა დღის ცენტრში სპეციალურ პედაგოგად მუშაობა 2009 წელს დაიწყო.
„ეს ჩემთვის სიახლე და დიდი გამოწვევა იყო. ვღელავდი, რადგან არ მქონდა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები არსებობდა. შესაბამისად, სხვა სირთულეებთან ერთად ამ დაბრკოლებებთან გამკლავებაც მიწევდა. თუმცა მოსწავლეების ჩემდამი დამოკიდებულებამ და მიღწეული შედეგებით მოგვრილმა სიხარულმა განაპირობა ის, რომ პროფესია სპეციალური მასწავლებელი ძალიან შემიყვარდა“, – აცხადებს პედაგოგი.
განვლილი წლების შემდეგ ეკატერინე გომართელი ფიქრობს, რომ დღეს ინკლუზიური განათლება ქვეყანაში პრიორიტეტული მიმართულებაა და მოსწავლეები საჭიროებებზე მორგებულ, სრულფასოვან განათლებას იღებენ, რაც ხელს უწყობს მათ სრულუფლებიან და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
პროფესიის სიყვარული და სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება დაეხმარა 2018 წელს მუშაობა 171-ე საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად დაეწყო. წელს კი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩააბარა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
„ყველა პედაგოგის ვალდებულებაა, იზრუნოს ცოდნის ამაღლებასა და თვითგანვითარებაზე, შესაბამისად, სიახლეების ძიება ჩემთვის, როგორც მასწავლებლისათვის, ძალიან საინტერესო პროცესია“, – განაცხადა პედაგოგმა.
ეკატერინე გომართელი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პროფესიონალიზმი პირდაპირპროპორციულად აისახება მოსწავლის მიღწევებსა და სწავლის შედეგებზე.
„პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც მოსწავლესთან აკადემიური უნარების განვითარებაზე მუშაობის პროცესში მივაღწიე გარკვეულ წარმატებას, მაგრამ სირთულედ რჩებოდა ის, რომ ვერ ახერხებდა საკუთარი თავის წარმოჩენას საგაკვეთილო პროცესში და უჭირდა თანაკლასელებთან კომუნიკაცია. პრობლემის მოსაგვარებლად საგნის მასწავლებლებთან ერთად დავგეგმე შეხვედრები არაფორმალურ გარემოში, ასევე კლასში ვაწყობდით დისკუსიებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. რადგან ჩემი მოსწავლე კარგად ხატავდა, მოვაწყვეთ გამოფენა, რაც მას დაეხმარება კლასელებთან კომუნიკაციაში. თანამშრომლურმა გარემომ და თანმიმდევრულობამ შედეგზე გაგვიყვანა და მოსწავლეს კლასელებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მიღწეულმა შედეგმა მომცა საკუთარი თავის რწმენა. სწავლა-სწავლების პროცესში ჩემი მოსწავლეების ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს და მარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია გვჯეროდეს ჩვენი მოსწავლეების, საკუთარი თავის და გვიყვარდეს ის საქმე რომელსაც ვემსახურებით“, – აცხადებს პედაგოგი.
ეკატერინე გომართელი სწავლების პროცესში სირთულეებზეც საუბრობს, რაც ძირითადად კოვიდპანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებას უკავშირდება.
„პანდემიამ და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ გამოწვევის წინაშე დააყენა სასკოლო სისტემა, მასწავლებელი, ოჯახი. თუმცა სკოლის გუნდისა და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ამ გამოწვევის დაძლევა. კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი, მრავალფეროვანი რესურსებისა და სახალისო აქტივობების შეთავაზება გახდა ერთგვარი წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი ჩემი მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების პერიოდში“, – აღნიშნავს პედაგოგი.
ეკატერინე გომართელი კოლეგა პედაგოგებს ურჩევს, იყვნენ კონცენტრირებული მოსწავლეების პროგრესსა და განვითარებაზე:
„გერქვას პედაგოგი, დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობისა და ქვეყნის წინაშე. კოლეგა პედაგოგებს ვურჩევდი, იყვნენ კონცენტრირებული მოსწავლეზე, სჯეროდეთ, რომ ყველა ბავშვს აქვს თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობები. იყვნენ ინოვატორები და გამბედავები, თვითგანვითარებაზე ორიენტირებულები და უყვარდეთ ის საქმე, რომელსაც ემსახურებიან“.