მარნეულის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნატო სამხარაძე 6 წელია ქართულ ენას ასწავლის. აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებთან ის სკოლის მიღმაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. როგორც ამბობს, მის მიზანია, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ქართულენოვან გარემოსთან, რათა ენობრივი ბარიერი და ქართულად საუბრის კომპლექსი დაძლიონ.
ნატო სამხარაძეს უფროსი პედაგოგის სტატუსი 2021 წელს მიენიჭა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ ის 2016 წლიდან მონაწილეობს და მას შემდეგ დაშტაფის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებელია.
„მასწავლებლობა ჩემი ოცნების პროფესიაა და მართლა ძალიან გამიმართლა, რომ ჩემმა ხელმძღვანელმა ეს შანსი მომცა. უკვე მეექვსე სასწავლო წელია დილით 6 საათზე ვიღვიძებ და თბილისიდან მარნეულში ჩავდივარ. მერწმუნეთ, არასდროს გამჩენია სურვილი ეს ყველაფერი შემეცვალა, პირიქით, რამის შეცვლა ახლა ჩემთვის ბევრად უფრო რთული იქნება, რადგან სოფელი დაშტაფა ჩემი მეორე სახლია“, – აცხადებს პედაგოგი, რომელსაც მასწავლებლობასთან ერთად, სოფლის ცხოვრებაც ძალიან მოსწონს.
„თბილისიდან სოფელში ჩემს ჩასვლას ადგილობრივები და ჩემი კოლეგები სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მე არანაირი ძალისხმევა არ დამჭირვებია გარემოს შესაგუებლად. პირიქით, იქ ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვისწავლე სოფლის მეურნეობის საქმეები. ცხოველები ისედაც მიყვარდა და ჩემს მოსწავლეებს ვასწავლე მათი სათანადოდ მოვლა-პატრონობა და მათზე ზრუნვა. აქტიურად ვთანამშრომლობ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციასთანაც. ამის გამო მარნეულის რადიომ ჩემზე სიუჟეტიც გააკეთა.
ანბანისა და ქართული ენის სწავლასთან ერთად, ჩემთვის მასწავლებლობა მეგობრული მხარდაჭერაცაა. მიმაჩნია, რომ მე მოსწავლეებისთვის ისეთი მეგობარი ვარ, რომელსაც შეუძლიათ ენდონ. ეს ნდობა გვიან მოვიპოვე, მაგრამ ახლა ძალიან მყარია.
მე და ჩემმა მოსწავლეებმა არაერთი პროექტი განვახორციელეთ. სკოლაში არაერთი წარმატებული ადამიანი მოვიწვიეთ. ყველაზე კარგად მახსენდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კინოცენტრის ერთობლივი პროექტი „კინო სკოლაში“. მოსწავლეებისთვის ორი წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო იყო მსოფლიო კინემატოგრაფიის გაცნობა. რაც ყველაზე მთავარია, ფილმები ქართულ ენაზე იყო ნათარგმნი, რაც ენის შესწავლას ძალიან უწყობს ხელს. ყველაზე საინტერესო ჩვენს პროგრამაში ის არის, რომ მეც და სხვა დამხმარე მასწავლებლებიც თითქმის ყოველწლიურად, ყველა დღესასწაულზე ღონისძიებებს ვაკეთებთ, რის შედეგადაც, მოსწავლეებმა კარგად ისწავლეს, რომელი მნიშვნელოვანი დღეები აღინიშნება საქართველოში“.
როგორც ნატო სამხარაძე აღნიშნავს, ენის სწავლის მიუხედავად, გარკვეულწილად სირთულეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბავშვებს კომუნიკაცია თავისსავე სოფელში, ოჯახსა და ნაცნობ-მეგობრებთან აზერბაიჯანულ ენაზე აქვთ. სწორედ ამიტომ ხშირად დაჰყავს სხვადასხვა ღონისძიებაზე, სპექტაკლებსა და ექსკურსიებზე:
„ვცდილობ, ხშირად გავიყვანო სოფლიდან, რაიონიდან, რომ მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ქართულ ენაზე, რათა ცოდნა პრაქტიკით განიმტკიცონ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩვენი პროგრამის მასწავლებლები, რომლებმაც საერთოდ არ ვიცით უმცირესობების ენა, გაკვეთილზე მხოლოდ ქართულად ვსაუბრობთ, ყოველგვარი ლექსიკონის გარეშე. ეს ეხმარებათ მოსწავლეებს ენობრივი ბარიერისა და საუბრის კომპლექსის დაძლევაში. მათ იციან, რომ მე მათი ენა არ ვიცი, ამიტომ იძულებული არიან მხოლოდ ქართულად მესაუბრონ“, – აცხადებს პედაგოგი და მოხარულია, რომ როდესაც სოფელში ჩავიდა, თავდაპირველად სულ რამდენიმე გოგონა გეგმავდა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას, ახლა კი, 6 წლის შემდეგ, ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება ყველა მე-12 კლასელს სურს, ბევრი მათგანი კი უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა პროფესიებს უკვე ეუფლება – „ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის, მე დამხმარე მასწავლებელი ვარ და ადგილობრივ ქართულის მასწავლებელთან ერთად შევდივარ გაკვეთილზე“.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლას, პედაგოგი აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე ამ მხრივ ვითარება რთული იყო. შესაბამისად, თავადაც ეხმარებოდა მასწავლებლებს უკეთ გაერთვათ თავი დაკისრებული მოვალეობისთვის, რომ მოსწავლეები სწავლის გარეშე არცერთი დღე არ დარჩენილიყვნენ:
„პროგრამის ფარგლებში ჩვენმა პედაგოგებმა დასაწყისშივე გავიარეთ ტრენინგები ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ წარმატებით გავართვი თავი დისტანციურ სწავლებას და ჩემი ცოდნა სკოლის პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს გავუზიარე“.
ნატო მოხარულია, რომ „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დამხმარე და კონსულტანტმა მასწავლებლებმა ბევრი საინტერესო და საჭირო პროექტი განახორციელეს.
„საკუთარ თავზე და მიღწევებზე საუბარი არ გამომდის, ახლაც თავს ძალას ვატან. უბრალოდ ერთი სურვილი მაქვს, ენის შესწავლასთან ერთად მინდა, ჩემი მოსწავლეები თავისუფალი აზროვნების, განვითარებული და ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ. ამაში თუ მცირედ წვლილს მეც შევიტან, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი წარმატება“, – აცხადებს პედაგოგი.