თამარ ტურავა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესდა დასწავლის პროცესის კოგნიტიურ სირთულეებზე. გადაწყვიტა განათლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაემდიდრებინა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მუშაობა თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში დაიწყო.
„როდესაც სკოლაში მუშაობა გადავწყვიტე, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი ვიყავი. თეორიული ცოდნიდან ჩემმა ინტერესებმა გადაინაცვლა სწავლების პროცესზე: როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა სწავლის სირთულეები არსებობს? ძალიან მინდოდა, თეორიული ცოდნის გარდა, შემეძინა პრაქტიკული უნარები, რაც ბავშვთან თუ მოზარდთან სამუშაოდ აუცილებელია. ამიტომაც 2017 წლიდან მუშაობა სპეციალურ მასწავლებლად დავიწყე,“ – ამბობს თამარ ტურავა.
როგორც ახალგაზრდა პედაგოგი აღნიშნავს, მუშაობის პროცესში გამოწვევები ბევრი იყო, თუმცა პოზიტიური ურთიერთობებისა და ინტენსიური გუნდური მუშაობის შედეგად წარმატებას მიაღწია და ამის რამდენიმე მაგალითსაც იხსენებს:
„მომიწია მემუშავა სხვადასხვა სირთულის მქონე ბავშვებთან. მყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც 12-13 წლის ასაკამდე არ ჰქონდათ საგანმანათლებლო სივრცესთან წვდომა. მათთვის სრულიად უცხო იყო სასწავლო გარემო, სკოლის სტრუქტურა, სოციალურად მისაღები ნორმები, არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული ბაზისური აკადემიური უნარები და უჭირდათ ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ერთობლივი მუშაობის შედეგად მათ ისწავლეს წერა-კითხვა, ბაზისური მათემატიკური უნარები, ჩამოუყალიბდათ თანატოლებთან სოციალურად მისაღები ქცევის ნორმები. სკოლაში შეძენილი უნარების საფუძველზე შეძლეს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.
გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც პირველივე კლასში სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ერთ-ერთ მოსწავლესთან სწავლის დასაწყისშივე გამოვლინდა ქცევის სირთულე. კერძოდ, არ მიჰყვებოდა მასწავლებლის მითითებებს, ჰქონდა სხვისი დამაზიანებელი ქცევა, როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებდა. როდესაც დამრიგებელმა მოგვმართა დახმარების თხოვნით, დავიწყეთ ქცევაზე დაკვირვება, გამოვყავით წინაპირობები და შედეგები, შესაბამისად, დაიგეგმა მუშაობის პროცესი. ორთვიანი მუშაობის შემდეგ ბავშვი ახერხებს, დაესწროს გაკვეთილებს, ელოდება მასწავლებლის ინსტრუქციას და, შესაბამისად, ასრულებს დავალებას, შემცირებულია სხვისი დამაზიანებელი ქცევის სიხშირეც“, – იხსენებს პედაგოგი.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას აღმოაჩინა, რომ მოტივაციას დასწავლის პროცესზე უზარმაზარი ზეგავლენა აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბავშვის უნარებისა და ინტერესების გათვალისწინება, სწორად შერჩეული სასწავლო მასალა და მრავალფეროვანი რესურსი.
„სწავლის პროცესი უნდა გავხადოთ მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და სახალისო. ასეთ შემთხვევაში შედეგი ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ჩვენი სამუშაო მრავალფეროვანი და საინტერესოა. თითოეულ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, საჭიროებების შეფასება და მისი უნარების შესაბამისი სწავლების პროცესის დაგეგმვა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც სპეციალური მასწავლებლის, ასევე საგნის მასწავლებლების მხრიდან“, – აცხადებს პედაგოგი.
როგორც თამარ ტურავა აღნიშნავს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ონლაინ სწავლებასთან ადაპტირება საკმაოდ რთული აღმოჩნდა:
„ბავშვებს მოუწიათ სახლიდან ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში, სადაც შედარებით არასტრუქტურირებული გარემოა, ვიდრე სკოლაში. ზოგიერთ მოსწავლესთან მოგვიწია არასტანდარტული სამუშაო ფორმატის შექმნა, მაგალითად, საჭირო გახდა მშობლით გაშუალებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, სადაც წამყვანი როლი მიენიჭა მშობელს. დაგვჭირდა მშობლებისათვის გვესწავლებინა, როგორ წარემართათ სასწავლო პროცესი, როგორ ემართათ ბავშვის ქცევა, როგორ მიეწოდებინათ ინსტრუქცია, როგორ დახმარებოდნენ მას დავალების შესრულებაში და ა. შ.“ –ამბობს პედაგოგი.
თამარ ტურავა მიიჩნევს, რომ სპეციალურმა მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, დაეხმაროს მას არა მხოლოდ შემეცნებითი და აკადემიური კომპეტენციების დაუფლებაში, არამედ სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში:
„სწორედ ამაში ვხედავ სპეციალური მასწავლებლის როლს – ბავშვის საჭიროებების მიხედვით შეცვალოს სწავლების სტანდარტული მეთოდები არასტანდარტულით. მნიშვნელოვანია, სწავლების პროცესი იყოს მოქნილი და ბავშვზე მორგებული, ითვალისწინებდეს მის საუკეთესო ინტერესს და ემსახურებოდეს ცხოვრების ხარისხის გაზრდას.“