მაია არეშიძე გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაკლიის სკოლაში 12 წელია ასწავლის. პედაგოგი მიიჩნევს, რომ „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებს, რომელთაც საგამოცდოდ მომზადებაში ეხმარება.
მაია არეშიძე ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული პედაგოგი 2011 წელს, გამოცდების შემოღებისთანავე, გახდა. 2012 წელს მან ქართული ენისა და ლიტერატურის I-VI კლასების, 2014 წელს ქართულის, როგორც მეორე ენის, ხოლო 2019 წელს დაწყებითი საფეხურის (I-IV) კომბინირებული (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) გამოცდა ჩააბარა. უფროსი მასწავლებლის სტატუსიც მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედებისთანავე, 2015 წელს მიენიჭა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2017 წლიდან მაია არეშიძე განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის იმ პროექტში მონაწილეობს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს დისტანციურად ქართულ ენას ასწავლის.
„1988 წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ჩემი ლექტორების რეკომენდაციით მუშაობა მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში გავაგრძელე. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად, ვაქვეყნებდი სტატიებს, ვამზადებდი საკვალიფიკაციო ნაშრომსაც, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენებმა ჩემი ცხოვრებაც მთლიანად შეცვალა. ამიტომ გადავწყვიტე, პარალელურად სკოლაში მეცადა ბედი და თავდაპირველად რუსთავის ერთ-ერთ კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში პედაგოგის ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო, მაგრამ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ერთ დღესაც საკუთარ თავს შევუძახე, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა და ინტერნეტით ვაკანსიის ძებნა დავიწყე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ იწყებოდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანიც არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა იყო. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდები, მაგრამ ამ პროგრამის ყველა მონაწილემ სპეციალური გამოცდა ჩავაბარეთ და კომისიის წინაშე გასაუბრება გავიარეთ. ძალიან გამიმართლა, რადგან პირველი ნაკადის მასწავლებლებს შორის მოვხვდი. ასე დაიწყო გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაკლიაში ჩემი მასწავლებლობა“, – აცხადებს პედაგოგი, რომელმაც სასწავლო პროცესის პარალელურად, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით, ამ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის ექსკურსიები, სასკოლო ზეიმები და ღონისძიებები, კონკურსები თუ ვიქტორინები.
„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ქართული ენის შემსწავლელი კლუბის მუშაობა. ასევე საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვება, რომლის სახელწოდება იყო „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სკოლაზე“. პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკისთვის 1000 ლარის ღირებულების წიგნი შევიძინეთ და ლიტერატურული საღამო მოვაწყვეთ“, – იხსენებს პედაგოგი და ხაზს უსვამს, რომ ყველაზე მთავარია, გრძნობდე მოსწავლეთა მხრიდან ნდობას, ხედავდე, როგორ გიზიარებენ საკუთარ ფიქრსა თუ ოცნებას. უმნიშვნელოვანესია მათი გულწრფელობა, რომ უყვარხარ და სჯერათ შენი.
მაია არეშიძე რამდენიმე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული მოდულებით ქართული ენის სხვადასხვა დონის (ა1, ა2, ბ1) ტრენინგებს ატარებს, როგორც თავისი სკოლის, ასევე ქვემო ქართლის რეგიონის სკოლების პედაგოგებისათვის. მათმა დიდმა ნაწილმა ქართული ენის ფლობის ბ1 დონე უკვე დაადასტურა, რითაც შესაძლებლობა მიეცათ, პროფესიული უნარების გრძელვადიან ტრენინგებს დაესწრონ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და უფროსი მასწავლებლები გახდნენ. ამიტომაც პედაგოგი დარწმუნებულია, რომ პროექტი „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ არა მხოლოდ მოსწავლეებს, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებსაც დიდ დახმარებას უწევს ქართული ენის შესწავლისა და საგამოცდოდ მომზადების კუთხით.
„სასწავლო წლის დასაწყისში ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებლებისათვის ჩავატარე სქემით განსაზღვრული სავალდებულო ოცსაათიანი ტრენინგი „გრამატიკის სწავლების მეთოდიკა ქართულის, როგორც მეორე ენის ათვისების პროცესში“. მიხარია, რომ ჩემი მცირეოდენი წვლილიცაა კოლეგების პროფესიულ წინსვლაში“, - ამბობს პედაგოგი.
მაია არეშიძე პედაგოგებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ონლაინ სწავლების კუთხით პანდემიამდეც დიდი გამოცდილება ჰქონდა:
„2017 წლიდან ჩართული ვარ განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის პროექტში, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს დისტანციურად ქართულ ენას ასწავლის. შესაბამისად, პანდემიის დაწყებისას, ონლაინ სწავლების კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა. ჩემი სკოლის კოლეგებისათვის Teams-ში ჯგუფი მაშინვე შევქმენი და ერთად განვიხილეთ ონლაინ სწავლების დეტალები და ტექნიკური მხარე. საჭირო ინსტრუქციები მოსწავლეებსაც მივაწოდე და მათაც საკმაოდ სწრაფად აუღეს ალღო Teams-ის პლატფორმაზე მუშაობას. სირთულეებთან ერთად, ონლაინ სწავლებას საკმაოდ ბევრი სიკეთეც ახლავს – ენის სწავლებისას შეგვიძლია მრავალფეროვანი ინტერნეტ რესურსები გამოვიყენოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი“, – ამბობს პედაგოგი.
„სახელმწიფო ენის ცოდნა უმნიშვნელოვანესია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ენის გარეშე სრულფასოვანი ინტეგრაცია წარმოუდგენელია. საბედნიეროდ, დღეს ამაზე აღარავინ დავობს. არაქართულენოვანი მშობლების უმრავლესობის სურვილია, შვილებმა კარგად იცოდნენ ქართული, შეძლონ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.
ჩემი არაერთი მოსწავლე გახდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი. მათი სახით ქვეყანას არა მარტო კარგი სპეციალისტები, არამედ კარგი მოქალაქეებიც ეყოლება – ესაა ჩვენი პროექტის უმთავრესი მიღწევა“, – აცხადებს მაია არეშიძე.