საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით თბილისის N23 საჯარო სკოლამ ფრანგული ენის მასწავლებელთა რიგით მეორე კონფერენცია გამართა. ორდღიანი ღონისძიება – „პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას“ – დისტანციურ ფორმატში ჩატარდა და მის მთავარ მიზანს პანდემიის ფონზე საქართველოში ფრანგული ენის სწავლებასთან დაკავშირებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა და შეხვედრის ორგანიზატორებს, საფრანგეთის საელჩოსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში ფრანგული ენის სწავლების განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
ეკატერინე დგებუაძემ საქართველოში ფრანგული ენის პოპულარიზაციის კუთხით ფრანგული მხარის ჩართულობის როლზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც საფრანგეთის საელჩოსთან, ასევე, ფრანგულ ინსტიტუტთან და სწორედ აღნიშნული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის, რომ 23-ე საჯარო სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის ფრანგული ენის შესწავლას სთავაზობს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პანდემიის დროს მასწავლებელთა მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობას. მისი თქმით, პედაგოგებს ძალიან სწრაფად მოუწიათ ახალ გარემოსთან ადაპტაცია, უახლესი ტექნოლოგიების ათვისება და სასწავლო პროცესის ვირტუალურ სამყაროში გადატანა, რამაც ხელი შეუწყო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ კონფერენცია პლენარულ სესიებს დაეთმო. მასწავლებლებმა შეხვედრის მონაწილეებს covid-19-ის პანდემიის დროს ფრანგული ენის სწავლების პროცესში განხორციელებული აქტივობები გააცნეს, დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. ღონისძიების მეორე დღეს ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც პედაგოგებს სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ, ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტმა დენი ფადამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. თბილისის N23 საჯარო სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2017 წელს აღუდგა ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო საქართველოში ფრანგული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროცესში და ამ მიმართულებით, სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებას.