საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში ბულგარეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ილია ნაჩევი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე მარკო სოლდიჩი და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი რუსთავის N17 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩებთან, UNICEF-ის წარმომადგენლობასთან და სკოლის პერსონალთან ერთად შეაჯამა სკოლის მიღმა დარჩენილი, ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც სამინისტროს, ბულგარეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ელჩებსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტისთვის. მისი თქმით, საერთაშორისო ხელშეწყობით საქართველოს სკოლებში, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ინერგება ინოვაციური, თანამედროვე მიდგომები და სასკოლო გარემო ხდება მაქსიმალურად ორიენტირებული მოსწავლეზე, რაც საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებას გულისხმობს. ამის თვალსაჩინო მაგალითია სწორედ აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა შეიძინეს საჭირო უნარები და მოზარდები უფრო აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში.
სტუმრები პროექტში ჩართულ მასწავლებლებსაც შეხვდნენ და მათთან ერთად იმსჯელეს იმ გამოწვევებსა და მიღწევებზე, რომლებიც მოზარდებთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა. თავის მხრივ, სკოლის ადმინისტრაციამ და პერსონალმა დამსწრე საზოგადოებას დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის შედეგად სკოლის მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური კურიკულუმი, რომელიც მასწავლებლებს მოზარდებისთვის საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვაში ეხმარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბულგარეთის საელჩო და გაეროს ბავშვთა ფონდი 2019 წლიდან ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში წარმატებული ინტეგრირების ხელშეწყობა და მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. ამ ეტაპზე პროექტის პილოტირება საქართველოს მასშტაბით 39 საჯარო სკოლასა და 6 დღის ცენტრში მიმდინარეობს. მათ შორისაა რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაც, სადაც პროექტის ფარგლებში მასწავლებელსა და სკოლის პერსონალს გადამზადების შესაბამისი კურსები ჩაუტარდათ.
ამასთან, ნორვეგიის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება ინკლუზიური განათლების განვითარების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირება მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში.