ნანა კუკუნაშვილი 10 წლის განმავლობაში თელავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში აღმზრდელ-მასწავლებლად მუშაობდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა და მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პედაგოგის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა. სირთულეების მიუხედავად, გადაწყვიტა დაგროვილი გამოცდილება საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მუშაობა თელავის N4 სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად დაიწყო.
„სკოლა-ინტერნატში მუშაობა ჩემთვის დიდი, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება იყო. მოსწავლეებს ჰქონდათ სხვადასხვა სახის პრობლემა, როგორც სოციალური, ასევე აკადემიური, კოგნიტიური და ქცევითი. რთული ქცევა ვლინდებოდა თითქმის ყველა მოსწავლესთან. მათთან საჭირო იყო ინდივიდუალური მიდგომა. კარგად გამომდიოდა მშობლებთან ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ უდიდესმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყება,“ – აცხადებს პედაგოგი.
სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე პედაგოგი სიღრმისეულად გაეცნო თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებებს და აქტიურად დაიწყო მშობლებთან თანამშრომლობა.
„ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე განსაკუთრებულია. შესაბამისად, განსხვავდება ის მიზნები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ. ბავშვებთან მუშაობის დროს მივხვდი: მთავარია გჯეროდეს, რომ შეუძლებელი არაფერია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლის შესაძლო მიღწევების მიმართ გვქონდეს რეალური მოლოდინი და პოზიტიური განწყობა,“ – აცხადებს ნანა კუკუნაშვილი.
პედაგოგის თქმით, სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის რელევანტური სასწავლო მეთოდების, მასალისა და შეფასების სისტემის გამოყენება.
„მოსწავლეების შედეგებს ვაფასებ დაკვირვების, ინტერვიუსა და სხვადასხვა ტესტის ჩატარების მეშვეობით. ასევე, ვაკვირდები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიერ შესრულებულ აქტივობებს, რომლებიც კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლების მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულების პროცესში წარიმართება. ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, თუკი მოსწავლეს აქვს კომუნიკაციის სირთულე, ვასწავლი კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას,“ – ამბობს ნანა კუკუნაშვილი.
სწავლების პროცესში სირთულეები ბევრია. მასწავლებელი თვლის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობისა და მათი სწავლების შედეგების გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი დისტანციური სწავლების პროცესში. თუმცა მშობლების დახმარებით მოსწავლეთა ჩართულობის გამოწვევები ეტაპობრივად გადალახეს.
„ონლაინ სწავლებამ მრავალი გამოწვევის წინაშე დამაყენა, განსაკუთრებით გასულ წელს. თუმცა მშობლების აქტიური დახმარებით სირთულეების გადალახვა შევძელი. დისტანციური სწავლების პროცესში სისტემატურად ვიყენებდით განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორთა რეკომენდაციებს. ასევე, ვესწრებოდით მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, ვისმენდით ვებინარებს და მიღებულ ცოდნას ვიყენებდით ჩვენს მუშაობაში,“ – ამბობს პედაგოგი.
ნანა კუკუნაშვილი თვლის, რომ პედაგოგის პროფესია მისთვის საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო საქმიანობაა.
„იყო სპეციალური მასწავლებელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მასწავლებელი. თითოეულ მოსწავლესთან და მშობელთან გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემს კოლეგა სპეციალურ პედაგოგებს ვურჩევ, არ შეუშინდნენ სიძნელეებს და სულ მცირე წარმატებაც კი გამოიყენონ იმისათვის, რომ მოსწავლე იყოს თავდაჯერებული, არ დაკარგოს სწავლის სურვილი და სჯეროდეს, რომ ყველაფერს შეძლებს,“ – აცხადებს სპეციალური მასწავლებელი.