„სკოლებში, სადაც ქართული, როგორც მეორე ენა ისწავლება, მასწავლებლის პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად დიდია“, – მიიჩნევს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი დალი ოსეფაშვილი, რომლისთვისაც საკლასო ოთახი სულ სხვა სამყაროა. ცდილობს, თავი თითოეული მოსწავლის ადგილზე წარმოიდგინოს. აცნობიერებს, რომ თითოეულ მის ფრაზას თუ ქცევას ბავშვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
უფროსი მასწავლებელი დალი ოსეფაშვილი არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერ პროექტში მისი დაწყებისთანავე მონაწილეობს. სერტიფიცირებული მასწავლებელიც ქვეყანაში პედაგოგთა გამოცდების შემოღებისთანავე გახდა. სერტიფიკატი ყველა დონეზე –სამივე საფეხურზე აქვს მინიჭებული – ქართული I-VI, ქართული VII-XII და ქართული, როგორც მეორე ენა.
დალი დალაქიშვილი ამჟამად ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტია და დისერტაციაზე მუშაობს. თუმცა დისერტაციის დაცვის შემდეგ აპირებს, რომ სწავლა მაგისტრატურაში ფსიქოლოგიის მიმართულებით გააგრძელოს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წარმატებული პედაგოგი კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ტრენერ-მასწავლებლადაც მიიწვიეს. სამთვიანი სასწავლო კურსი მან ცენტრში მომსახურე აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ჩაუტარა.
„პირველად, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეთნიკურად არაქართულენოვან სკოლებში კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა, მხოლოდ 11 მასწავლებელი შეირჩა. გამიხარდა, რომ რჩეულთა შორის მეც აღმოვჩნდი. მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ აღმამედლოს სკოლაში, სადაც გამანაწილეს, ერთადერთი ქართველი ვიყავი. თავდაპირველად უცხო გარემოში გამიჭირდა განსხვავებული ეთნო-კულტურული ღირებულებების ხალხთან ცხოვრება, მაგრამ ჩვენ შორის ყველანაირი ბარიერი მალე მოიხსნა და „დალი ხანუმი“ გავხდი. ეს ჩემი პიროვნების ძალიან დიდი აღიარება იყო. ასეთი მიმართვა უდიდეს პატივისცემასა და კრძალვას გამოხატავს. ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, რომ მოკლე დროში მათი გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დავიმსახურე“, – იხსენებს პედაგოგი, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევრის მუშაობის შემდეგ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი გახდა.
დალი ოსეფაშვილი: „იმ სკოლებში, სადაც ქართული, როგორც მეორე ენა ისწავლება, ძალიან დიდია მასწავლებლის პასუხისმგებლობა. ალბათ, ყველა ჩვენგანს მოსწავლეობისას მიგვიმართავს მასწავლებლისთვის „მასწ-ით“. აზერბაიჯანელი ბავშვები მიმართვისას „მასწავლებლის“ შემოკლებულ ფორმად „მასწავლე-ს“ იყენებენ. ეს ჩემთვის მაგიური სიტყვაა, რომელიც ელექტროშოკივით მოქმედებს. „მასწ! რა არის სიყვარული?“ და „მასწავლე! რა არის სიყვარული?“ – მოგეხსენებათ, ეს ორი სხვადასხვა წინადადებაა. პირველ შემთხვევაში ფილოსოფოსებისა და ცნობილი ადამიანების მაგალითებით თეორიულ ახსნას იწყებ. მეორე შემთხვევაში კი, როდესაც „სწავლებას“ და არა ახსნას გთხოვენ, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ მოსწავლის მიმართ, თითოეულ სიტყვას წონი, აცნობიერებ, რომ თითოეული შენი ფრაზა, ქცევა და დამოკიდებულება უდიდეს მნიშვნელობას იძენს.
მიმაჩნია, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობით ყოველდღე თავიდან ვიბადები. მე მათთან ერთად ვცხოვრობ. კლასში შესვლისთანავე სულ სხვა სამყაროში ვხვდები, სადაც მხოლოდ ჩვენ ვართ – ერთი მთლიანი ორგანიზმი, ჩვენი სიხარულით, პრობლემებით, წარმატებებით... მაქსიმალურად ვცდილობ კარგად შევისწავლო თითოეული მოსწავლე, წარმოვიდგინო ჩემი თავი მათ ადგილზე. ერთ დროს მეც ვიყავი მოსწავლე და ყველაზე მეტად ის მასწავლებელი მიყვარდა, ვისაც ჩემი ესმოდა და მიღებდა ისეთს, როგორიც ვიყავი. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ხომ ნდობას უკავია?! მოსწავლე თუ გენდობა, აუცილებლად შეძლებ მისგან შემდგარი პიროვნების ჩამოყალიბებას“.
წარმატებული პედაგოგი ფიქრობს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მასწავლებლების გადამზადება: „ენის შემსწავლელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სკოლის რამდენიმე მასწავლებელს შეეცვალა სტატუსი და უფროსი მასწავლებელი გახდა. ძალიან მახარებს, რომ ეს პროგრამის და ჩემი, როგორც ამ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის, შრომის ეფექტიანი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგიცაა“.
„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა“, – პედაგოგი ამბობს, რომ ეს ცნობილი გამონათქვამი მის პიროვნებას ესადაგება, რადგან მუდმივად ახლის შესწავლასა და ძიებაშია. სწორედ ამ მიზნით უამრავ აქტივობაში, ტრენინგში, სემინარსა თუ კონფერენციაში მონაწილეობს.
„ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და აფხაზი სკოლამდელი აღზრდის ცენტრების, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის გასულ წელს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისმა და სამოქალაქო და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მონტენეგროს ქალაქ ულცინში სემინარი ჩაატარა. სემინარის მიზანი იყო მონაწილე მასწავლებლებისთვის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების, ახალი გამოწვევებისა და სწავლა-სწავლების მეთოდების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა. მნიშვნელოვანია, რომ სემინარს ქართველი მასწავლებლები ვუძღვებოდით, რომლებმაც მასტერკლასები ჩავატარეთ სწავლა-სწავლების სხვადასხვა მიმართულებით“, – იხსენებს პედაგოგი.
„მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვცდილობ, დავამსხვრიო ის სტერეოტიპები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მყარად არის დამკვიდრებული თემში. მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია მეხმარება, მცირედ მაინც შევცვალო ჩემი მოსწავლეების ცხოვრება და გარკვეული დოზით დავეხმარო მათ მომავალი პროფესიის არჩევაში. ჩემს მოსწავლეებს მუდამ ვარწმუნებ, რომ ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია და მხოლოდ საფუძვლიანი განათლებით შეძლებენ მიზნების მიღწევას.
მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემს სკოლაში მისვლის შემდეგ ძალიან ბევრმა ჩვენმა მოსწავლემ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში გააგრძელა. მათგან რამდენიმე სკოლაში პედაგოგად დაბრუნდა, მათ შორის არიან წარმატებული ექიმები, იურისტები, ბანკის თანამშრომლები. მიხარია, რომ ძალიან ბევრი ჩვენი კურსდამთავრებული მოსამზადებელი კურსის გარეშე ეროვნულ გამოცდებს პირდაპირ აბარებს. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ შენ მათი მოტივატორი და ცხოვრების გეზის მიმცემი ხარ!“ – ამბობს დალი ოსეფაშვილი.